მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში დაფიქსირდა ზრდა და რომელში კლება? - საქსტატის განმარტება

63d8cc3965434
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.23 12:05
716
საქსტატმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა 11% იყო, ხოლო 2022 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ 10.1% შეადგინა. საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს ბიზნესის ბრუნვამ (დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ) 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.1%-ით მეტია.

საქსტატის გენერალურმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სექტორების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დარგების უმეტესობაში გარდა ენერგეტიკისა და უძრავი ქონებით ოპერაციებისა, ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

“მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიცაა გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის დეკემბერში წინა წლის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 27%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი, ხოლო 34%-იანი ზრდა გვაქვს ცემენტის და კლინკერის იმპორტის თვალსაზრისით. წლის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით შვიდი პროცენტით არის გაზრდილი მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა ხოლო 13%-ით გაიზარდა დასრულებული ობიექტების რაოდენობა.

რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, ამ შემთხვევაში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე მინერალური სასუქებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. გაზრდილია მინერალური სასუქების ექსპორტი პერუს და ინდოეთის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.

რაც შეეხება საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორს, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებულია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. ვაჭრობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. როგორც მოგეხსენებათ მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. მხოლოდ დეკემბერში 36%-იანი ზრდა გვაქვს ამ თვალსაზრისით. მატება ძირითადად მოდის სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მიმართულებაზე.

გაზრდილია ასევე ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ბუნებრივი აირით.

ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაზეც ძირითადად გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ზრდამ. დაახლოებით ხუთასი ათასი ვიზიტი განხორციელდა დეკემბერში და აღნიშნული მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. ერთ-ერთი გახლდათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სექტორი. კლების მიზეზად ამ შემთხვევაში სახელდება არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაგიდვასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობების კლება. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს აქ ძირითადი მიზეზი გახლდათ ჰიდროელექტრო სადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის შემცირება. აღნიშნული მაჩვენებელი 39%-ით შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბოელექტროსადგურების წარმოების მოცულობა გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,” - განაცხადა საქსტატის გენერალურმა დირექტორმა.