მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში გეგმავს ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვას 2020-2021 წლებში? - მთავრობის გეგმა

5df73d705f622
ინგა მურუსიძე
16.12.19 12:29
1556
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა  დღეს ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც გასული 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. 

მიხეილ ხიდურელის განმარტებით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სექტორები, რა მიმართულებითაც ქვეყანა ინვესტორების მოსაზიდად მუშაობას გეგმავს; ესენია: სტუმარ-მასპინძლობა და უძრავი ქონების ინდუსტრია, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ინდუსტრია, ელექტრონული მოწყობილობების წარმოება და ავტონაწილების და საჰაერო ნაწილების წარმოება, ლოჯისტიკა და ენერგეტიკა.

„ჩვენი სტრატეგიის პირველი ნაწილი იყო პრიორიტეტული სექტორების შერჩევა და ჩვენ IFC-სთან ერთად მოვახდინეთ ისეთი პრიორიტეტული სექტორების შერჩევა, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ 2020-2021 წლების განმავლობაში. სექტორების შერჩევის მეთოდოლოგია მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია; ძალიან ბევრი კრიტერიუმით არჩევენ დარგებს, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის საინვესტიციო სექტორები, რომლებიც სრულ თანხვედრაში არიან ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიასთან და ამასთანავე, ქვეყანაში უნდა ტოვებდეს ცოდნას, შემოჰქონდეს ტექნოლოგიები და უნდა იყოს ექსპორტზე ორიენტირებული. მეორე მხრივ, ეს შერჩეული სექტორები ინვესტორებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და საქართველოს უნდა გააჩნდეს კონკურენტული უპირატესობა. ყველა კვლევის გავლით შევჯერდით სექტორებზე, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე განმარტებით, სექტორების შერჩევის შემდგომ უკვე იწყება მუშაობა ინვესტორებთან.

„40-მდე სექტორიდან შევჯერდით სექტორებზე, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. აქ არის ისეთი ტრადიციული სექტორები, როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა და უძრავი ქონების ინდუსტრია. შემდეგი სექტორი ეს არის ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, რა დროსაც მსხვილი უცხოური კომპანიებისთვის ხდება სერვისის მიწოდება. რამდენიმე წლის წინ ალბათ რამდენიმე ადამიანი თუ წარმოიდგენდა, რომ დღეს ეს სექტორი არის ყველაზე მზარდი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის და განსაკუთრებით დადებითი მხარე ამ სექტორის ის არის, რომ ეს სექტორი ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, არის ძალიან მაღალანაუზღაურებადი სამსახური და დასაქმებული მიღებულ ცოდნას კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე იყენებს. ამ კუთხით ჩვენ შემოვიყვანეთ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი. რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ინდუსტრია რჩება პრიორიტეტულ დარგად; შემდეგი სექტორი არის ელექტრონული მოწყობილობების წარმოება - ეს არის ახალი სექტორი და გუნდს სჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ შემოვიყვანოთ პირველი მედროშე კომპანია. ავტონაწილების და საჰაერო ნაწილების წარმოება - ამ მიმართულებას ქვეყანა ნულიდან არ იწყებს, გვაქვს ისტორიული გამოცდილება - „თბილავიამშენი“, „დელტა“, ამასთან, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით ჩვენთან შემოვიდა ებრაული კომპანია Elbit, რომელიც აწარმოებს ავიანაწილებს ისეთი მსხვილი ბრენდისთვის, როგორიც არის „ბოინგი“. ეს დაგვეხმარება ჩვენ ახალ ინვესტორებთან საუბარში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე, როგორიც არის ლოჯისტიკა და ენერგეტიკა“, - განაცხადა ხიდურელმა.