მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ შვიდ ბანკში არის განთავსებული მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები?

5e8f228ed4489
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.20 19:45
3645
2020 წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ მოქალაქეთა საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესი დაიწყო. 575 მილიონი ლარი ქართული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ “სადეპოზიტო სერტიფიკატებში” განთავსდა, 15 მილიონი ლარი კი ბანკების ვადიან დეპოზიტზე განთავსდა. ჯამურად ინვესტირებული თანხა 590 მილიონ ლარს შეადგენს. BMG-იმ საპენსიო სააგენტოსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რომელ ბანკებში მოხდა თანხების განთავსება, რის შესახებაც სააგენტოსგან წერილობითი პასუხი მივიღეთ.

ბანკები, რომელთა სადეპოზიტო სერტიფიკატებშიც ჩაიდო მოქალაქეთა დანაზოგები:

1.“თიბისი ბანკი“;
2. “საქართველოს ბანკი“;
3. “ლიბერთი ბანკი“;
4. “ბანკი ქართუ“;
5. “ვითიბი ბანკი“;
6. “ბაზის ბანკი“;
7. “ტერა ბანკი“.

ამასთან, აღნიშნული ინვესტიციის საპროცენტო სარგებელი 14.8%-ს შეადგენს, რაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციასთან მიმართებით, 2-ჯერ მეტია. 

კითხვაზე თუ რომელ ბანკში რა მოცულობის თანხა არის შენახული, საპენსიო სააგენტო ღიად პასუხს არ სცემს, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის ვერ გასაჯაროვდება.

“სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულებებში და ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებებში მოცემული ინფორმაცია, ამავე ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია ინვესტიციების მოცულობების შესახებ,”- ნათქვამია სააგენტოს დირექტორის პასუხში.

თუმცა, არსებობს ლიმიტები, რომელთა დაცვაც ინვესტირების პროცესში იყო აუცილებელი. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არ შეიძლება, რომ რომელიმე ერთ კომერციულ ბანკში მთლიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტი იყოს განთავსებული.

როგორ დაიწყო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი?

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტიციის პროცესს სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი (CIO) წარმართავს, მას კი ზედამხედველობას საინვესტიციო საბჭო უწევს. მნიშვნელოვანია გარემობა, რომ საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე ამ პოსტზე მხოლოდ 2020 წლის პირველ აპრილს დაინიშნა. იქამდე კი სააგენტოს CIO არ ყოლია, თებერვალში ინვესტიციის პროცესის დასაწყებად კი სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ დავით წიკლაური ერთი თვის ვადით მთავარ საინვესტიციო ოფიცრად დაამტკიცა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა 590 მილიონი ლარის ბანკებში განთავსება. 2020 წლის პირველ აპრილს კი მან თანამდებობა დატოვა. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი ის, “ლიბერთი ბანკის” ფინანსური დირექტორის პოსტზე დაინიშნა.

რა სახით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება სრულფასოვანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ?

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი არ აქვს. არსებული ინფორმაციით, მისი დამტკიცება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. 

მას შემდეგ, რაც დამტკიცდება საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი დოკუმენტი, საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს კიდევ ერთი არჩევანის უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა.

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.