ბანკებმა ამ პროექტის დაწყების საკითხი გუშინ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, დღეს კი მომხმარებლებს გაგზავნილი შეტყობინებების მეშვეობით გააცნეს.
დაწესებული შეღავათები შეღავათები თითოეული ბანკის შემთხვევაში მცირედით განსხვავდება, მათ შორის საერთო ძირითადად ამ შეღავათის ვადიანობაა.
ამ დროისთვის შეღავათების შესახებ განცხადებები - "თიბისი ბანკს", "საქართველოს ბანკს", "ლიბერთი ბანკს", "ბაზისბანკს" და "ვითიბი ბანკს" აქვთ გაკეთებული.
გთავაზობთ თითოეული ბანკის განცხადებას შეღავათების დაწესების შესახებ:
"თიბისი ბანკის" განცხადება:
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.
დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ,"- ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე განცხადება გააკეთა "თიბისი ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო.
"გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ვესწერებოდით სამი მსხვილი ბანკი, რეგულატორი და მთავრობა. დღეს ქვეყანაში არის ძალიან დიდი გამოწვევა კორონავირუსის სახით, ამასთან დაკავშირებით გადავდეთ ბიზნესი და ვფიქრობთ, რომ ახლა მთავარია გამოწვევას დავხვდეთ მომზადებულები. მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს მიკრო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ-თვიანი პროლონკაცია(გადავადება/პერიოდის გაგრძელება),"- ამბობს ბუცხრიკიძე.
"საქართველოს ბანკის" განცხადება:
"საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.
ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.
თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444", - წერია ბანკის განცხადებაში.
"ლიბერთი ბანკის" განცხადება:
"ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად,"- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკმა 12 მარტს, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით,"- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
"ვითიბი ბანკის" განცხადება:
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე გთავაზობთ სამთვიან საშეღავათო პერიოდს. შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.
მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.
აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.
ორშაბათიდან, თითეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად,"- ნათქვამია განცხადებაში.
"ბაზისბანკის" განცხადება:
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ბაზისბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე.
ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, ბაზისბანკი მომხმარებელს დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობას ურჩევს.
ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად: ნებისმიერი კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა უფასოდ, საკუთარი ანგარიშების კონტროლი, გადარიცხვები ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში, სესხის აღება მომენტალურად და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://www.basisbank.ge/ge/remote_services/
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებულები ვართ, რომ სირთულეებს უახლოეს მომავალში დავძლევთ!”,- ნათქვამია განცხადებაში.
რა მოცულობის სესხებეზე არის საუბარი?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ტურისტულ სექტორზე გაცემული სასესხო პორტფელის მოცულობა 1,449,171,000 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 4.6%-ია. ბევრად დიდია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა და ის მთლიანი სესხების 51%-ს, ანუ 15,885,242,000 ლარს შეადგენს. მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების მოცულობა თებერვლის მდგომარეობით 1,975,156,000 ლარია.
ამ დროისთვის უცნობია, ამ კატეგორიის მსესხებელთა რა ნაწილი ისარგებლებს გადავადებით.