მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ვაქცინებით და მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

609e316babc41
BM.GE
14.05.21 19:50
1353
14 მაისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ 81 076 ადამიანია აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2.1%-ია. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს Pfizer-ის ვაქცინაც დაემატა. იმუნიზაციის პროგრამამ შედარებით მაღალი ტემპი 4 მაისიდან ანუ Sinopharm-ის ვაქცინის დანერგვიდან აიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ვაქცინით სულ 3 722 მოქალაქე აიცრა. საქართველოს მთავრობა Sinovac-ის ვაქცინის გამოყენების თაობაზეც მსჯელობს. აღნიშნულ ვაქცინას, ჯერჯერობით, WHO-ს ავტორიზაცია არ გააჩნია.

როგორია ვითარება რეგიონის ქვეყნებში:


აზერბაიჯანში ამ დრომდე 1,748,525 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაცია 18 იანვარს, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით დაიწყო. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის 7.3%.

სომხეთში ამ დრომდე 10,727 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინით, ასევე COVAX-დან მიღებული Astrazeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. მთლიანობაში ამ დრომდე მოსახლეობის 0.3%-ზე ნაკლები არის აცრილი. 30 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში “სამარცხვინოდ ცოტა” ადამიანი იყო აცრილი.

რუსეთში ამ დრომდე 19,800,000 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძირითადად ადილობრივი წარმოების Sputnik V-ის მეშვეობით მიმდინარეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 5.2%.

თურქეთში ამ დრომდე 25,501,337 ვაქცინა გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იანვარში დაიწყო და ის, ძირითადად, Sinovac-ის წარმოების CoronaVac-ით მიმდინარეობს. ქვეყანაში ორჯერადად აცრილი მოსახლეობის წილი 12.9%-ია. მიმდინარე კვირაში თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთთან 50 მილიონ დოზა Sputnik V-ის შესყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება.