საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის სრული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფონდი წელს საქართველოში 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2.2%-ით მეტია. შედარებით უფრო მაღალი 7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი წელს სომხეთში, რის შედეგადაც სავალუტო ფონდის პროგნოზით, სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში საქართველოს მაჩვენებელს გადაასწრებს და 8,283 დოლარი გახდება. საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი 8,165 დოლარი, ანუ 118 დოლარით უფრო ნაკლები იქნება.
ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ 8 წლის განმავლობაში აჭარბებდა. ეს უმეტესწილად 90-იან წლებსა და ადრეულ 2000-იანებში იყო, ასევე ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 2020 წელსაც. თუმცა, სხვა წლების განმავლობაში საქართველოში სიმდიდრის საშუალო დონე სომხეთს უმეტესწილად აჭარბებდა.
არსებული მდგომარეობით, საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით მსოფლიოში 87-ე ადგილზე იმყოფება, სომხეთი კი 86-ე ადგილს იკავებს. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს გაცილებით უფრო დიდი ზომის ეკონომიკა აქვს, უკანასკნელ წლებში მაღალი შობადობის და მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო (10.1 მლნ მოქალაქე), მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებლით ის საქართველოს და სომხეთს ჩამორჩება (7,530 დოლარი) და მსოფლიოში 93-ე ადგილს იკავებს.
2008 წლამდე უკრაინის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ უკრაინაში რეფორმების დაბალი ტემპის, კორუფციისა და FDI-ის ნაკადების სიმცირის გამო, ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით საქართველომ უკრაინას გადაასწრო.
2023 წლის პროგნოზით, მშპ ერთ მოსახლეზე, ასევე მშპ-ის მთლიანი ზომა და ეკონომიკური ზრდის მოლოდინები რეგიონში ასეთია:
- საქართველო - მოსალოდნელი მშპ $30 მლრდ დოლარი, ერთ მოსახლეზე $8,165, ზრდის ტემპი 6.2%;
- სომხეთი - მოსალოდნელი მშპ $24.5 მლრდ დოლარი, ერთ მოსახლეზე $8,283, ზრდის ტემპი 7%;
- აზერბაიჯანი - მოსალოდნელი მშპ $77.4 მლრდ დოლარი, ერთ მოსახლეზე $7,530, ზრდის ტემპი 2.5%;
- უკრაინა - მოსალოდნელი მშპ $173 მლრდ დოლარი, ერთ მოსახლეზე $5,225, ზრდის ტემპი 2%;
- თურქეთი - მოსალოდნელი მშპ $1.15 ტრილიონი დოლარი, ერთ მოსახლეზე $13,384, ზრდის ტემპი 4%;
- რუსეთის ფედერაცია - მოსალოდნელი მშპ $1.86 ტრილიონი დოლარი, ერთ მოსახლეზე $13,006, ზრდის ტემპი 2.2%.