მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი და დრამი კვლავ გამყარდა, ლარი გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (22.04 – 29.04)

626e578181b32
ეგნატე შამუგია
02.05.22 08:00
11711
წინა კვირას რუბლი, დრამი და ლარის გარდა ყველა ვალუტა გაუფასურებული იყო. გასულ კვირას კი მხოლოდ რუბლი და დრამია გამყარებული, ხოლო ლარის ტენდენცია შეიცვალა. აპრილს მეოთხე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.050 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.039-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.38%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მეთექვსმეტე სავაჭრო კვირას 0.82%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 1.23%-ითაა გამყარებული. აპრილის თვეში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.23%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.
 
მართალია ლარი გასულ კვირას გაუფასურდა, მაგრამ ევროპულ და შემდეგ აზიურ ვალუტებთან შედარებით ნაკლებით. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, ევროა გაუფასურებული. კერძოდ, კვირის მანძილზე ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.45%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.15%-ია. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგი 2.11%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 0.37% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ბრიტანული ვალუტა დოლართან მიმართებით 7.21%-ითაა გაუფასურებული. აპრილის მეოთხე სავაჭრო კვირას ჩინურ და იაპონური ვალუტებიც გაუფასურებულია. გასულ კვირას ჩინური იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 1.65%-ით გაუფასურდა, რაც იაპონური იენის შემთხვევაში 0.93%-ია.

როგორც ვახსენეთ, კვირის მანძილზე მხოლოდ რუსული რუბლი და სომხური დრამი გამყარდა. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 6.49%-ით გამყარდა, რითაც რუბლი მიმდინარე წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ რუბლი ბლუმბერგის პლატფორმაზე ივაჭრებდა რუსეთის ცენტრალური ბანკის და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გაცვლა თავისუფალი არ ყოფილა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). რუბლი აპრილის მესამე კვირასაც 5.28%-ით იყო გამყარებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 3.82%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში სომხური დრამი კი - 6.86%-ით. გასულ კვირას სომხური დრამი 3.88%-ით იყო გამყარებული, რაც წინა კვირას 0.86%-ს შეადგენდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 22.04 – 29.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 25.04 – 29.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის მესამე სავაჭრო კვირის მსგავსად, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების უმეტესობა, აპრილის ბოლო კვირასაც შედარებით მაღალი არასტაბილურობით ხასიათდებოდა. თუმცა, ლარის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. თუკი წინა კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.47%-ით იხრებოდა, აღნიშნული გასულ კვირას მხოლოდ 0.26%-ია. ლარის მერყეობის ნიშნული შერჩეულ ვალუტებს შორის, თურქული ლირის შემდეგ, ყველაზე დაბალია. თავად ლირის მერყეობამ 0.20% შეადგინა, როცა თურქული ვალუტა კვირის მანძილზე 0.76%-ით გაუფასურდა.

უკვე მეორე კვირაა ჩინური იუანის შემთხვევაში სტაბილურობის ტრადიცია ირღვევა. გასულ კვირა იუანის მერყეობა 0.50% იყო, რაც აპრილის მესამე სავაჭრო კვირას 0.81%-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ჩინური იუანი სხვა შერჩეულ ვალუტებთან შედარებით სტაბილურად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან კვირის მანძილზე სხვა ვალუტები გაცილებით მეტით მერყეობდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი მერყეობა ინა პერიოდის მსგავსად რუსულ რუბლს ახასიათებდა. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას რუბლის მერყეობამ 2.16% შეადგინა, რაც წინა კვირას 1.60% იყო. რუბლის შემდეგ კი, მაღალი 2.09%-იანი მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩევა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 22.04/29.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

დოლართან მიმართებით, რუბლის ომამდე ნიშნულზე დაბრუნებასთან ერთად, ეს უკანასკნელი ლარი ლართან მიმართებითაც ამავე ტენდენციას იზარებდა. ამდენად, ბოლო რამდენიმე კვირა ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა, რასაც წინ გამყარების ტენდენცია უძღოდა. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას, როცა რუსული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა, მასთან ლარი 2.35%-ით გამყარდა. აპრილის მესამე კვირას რუბლთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.54%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 12.92%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარი რუბლთან მიმართებით 4.06%-ითაა გაუფასურებული, რაც ყველაზე მეტით, 6.21% სომხური დრამის შემთხვევაშია. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარი დრამთან მიმართებით 4.98%-ით გაუფასურდა.

გასულ კვირას ლარი მკვეთრად ევროპულ ვალუტებთან მიმართებით გამყარდა, რომელებიც თავად დოლართანაც მაღალი ნიშნულით გაუფასურდა. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 3.08%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.77%-ია. თუმცა, ამ პერიოდში ლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით უფრო მეტითაა გამყარებული. მაგალითად, წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტით 12.37%-ით იაპონურ იენთან გამყარდა, რომლის შემდეგ, 10.77%-იანი გამყარება თურქულ ლირასთან ახასიათებს. წლის დასაწყისიდან, ლარი, თითქმის ამდენივე, 10.71%-ითაა უკრაინულ გრივნასთან გამყარებული. გასულ კვირა გრივნასთან გამყარება 2.12% იყო, რაც ევროს შემთხვევაში 2.32%-ს აღწევს.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ლარი მკვეთრად, 12.92%-ით რუსულ რუბლთან გაუფასურდა, რაც ინდექსის გაუფასურებაზე აისახა, რადგან აღნიშნულში რუბლის წილი 14.6%-ია. ამდენად, აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ინდექსი 1.27%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 0.85%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 4.72%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.36%-ია.

აპრილის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 137.9-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.46%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთექვსმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.44% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 28.78%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 28.87% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეჩვიდმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას იაფდება.