მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, რომელმაც წიწიბურას ექსპორტი აკრძალა, საქართველოსთვის #1 საიმპორტო ქვეყანაა

60924d20e9749
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 13:08
997
2020 წელს საქართველომ 4 ქვეყნიდან 4 198.1 ტონა წიწიბურა შეიძინა, რისთვისაც ქვეყნიდან 3.1 მლნ დოლარი გავიდა. აღნიშნული რიცხვი პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. 2019 წელს საქართველოში იმპორტირებული 6 995.4 ტონა წიწიბურას ღირებულება 3.2 მლნ დოლარს შეადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ პროდუქტის მთავარ საიმპორტო ქვეყნად რუსეთი გვევლინება, თუმცა 2019 წელს წიწიბურა ყაზახეთიდანაც შემოვიდა, ხოლო გასულ 2 წელიწადში მცირე მოცულობებით მას უკრაინასა და ჩინეთშიც ვყიდულობდით.

უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის კლების მიუხედავად მთავარი საიმპორტო ბაზრიდან - რუსეთიდან 2020 წელს წიწიბურას იმპორტი გაიზარდა (2019 წელი 2.5 მლნ დოლარი). საიმპორტო ბაზრები კი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 3,0 მლნ დოლარი, 4 175.2 ტონა;
2. უკრაინა - 20.1 ათასი დოლარი, 22 ტონა;
3. პოლონეთი - 1.9 ათასი დოლარი, 0.7 ტონა;
4. საფრანგეთი - 1.1 ათასი დოლარი, 0.2 ტონა;

2019 წელს იმპორტი ასევე ყაზახეთიდან (585 ათასი დოლარი), ჩინეთიდან (82.5 ათასი დოლარი) და უკრაინიდან (29.9 ათასი დოლარი) განხორციელდა.

მნიშვნელოვანია, რომ წიწიბურას იმპორტის მაჩვენებლები 2021 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია, თუმცა ზრდა ძირითადად პროდუქტის ღირებულებიდან გამომდინარეობს. პროდუქტის იმპორტის ღირებულება გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 23.2%-ით გაიზარდა და 701.7 ათასი დოლარი (2020 წ. I კვრტ. 569.6 ათასი დოლარი) შეადგინა, ხოლო შეძენილი პროდუქტის მოცულობა 5.4%-ით შემცირდა და 830.5 ტონა შეადგინა (878.2 ტონა).

წელს, იანვარ-მარტში პროდუქტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიტანეთ (701.4 ათასი დოლარი, 830.3 ტონა), ხოლო მცირე მოცულობებით წიწიბურა ბელარუსსა (0.2 ათასი დოლარი, 0.1 ტ.) და პოლონეთში შევიძინეთ (0.1 ათასი დოლარი, 0.1 ტ.)

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ზაფხულის თვეებში წიწიბურას ექსპორტი შიდა ბაზარზე სურსათის უსაფთხოების მიზნით დროებით აკრძალა.