მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთის ბაზარზე შესვლა არც მიფიქრია, არასანდო პარტნიორები არიან“ - ღვინო „გოზაური“

624c921f5e200
ალა ისპირიანი
05.04.22 23:30
1774
ღვინო "გოზაური" იაპონიისა და ამერიკის შემდეგ, საფრანგეთის ბაზარზე შევა. როგორც მეწარმე ლევან ჯაფარიძე bm.ge-თან ამბობს, ღვინის პირველ პარტიას ნიცაში მიმდინარე წლის ზაფხულში შეიტანენ.

„დიდი რეალიზაცია არ მაქვს. წელიწადში 3 000 ბოთლს ვყიდი. ზოგადად რთულია ექსპორტზე გატანა, რადგან ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ ეს პრემიუმ კლასის ღვინოა და ჩვენთვის თავიდანვე მთავარი ევროპის და ამერიკის ბაზარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი დიდია, იქ შესვლა არც მიფიქრია, არასანდო პარტნიორები არიან, რადგან ფალსიფიკაციის რისკი დიდია. გვინდა გერმანიის ბაზარზე შესვლაც, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ წინსვლა არ გვაქვს. საფრანგეთის ბაზარზე კი ზაფხულში ვაპირებთ 500 ბოთლის შეტანას“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მეწარმე ამბობს, რომ საქართველოში მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინო რამდენიმე მაღაზიაში, კერძოდ, „სმაგლერსის“, „800 მოსავლის" და „ღვინის ბიბლიოთეკაში" იყიდება, თუმცა წლიურად დაახლოებით 500 ბოთლის რეალიზაციას ვახორციელებთ“, - განმარტავს იგი.

მისივე თქმით, ღვინო „გოზაური“ საფერავისგან იწარმოება, თუმცა სამომავლოდ სხვა ჯიშის ვენახის გაშენებასაც გეგმავენ: “იქიდან გამომდინარეც, რომ ჩემი მთავარი პრიორიტეტი ღვინის ექსპორტზე გატანაა, სხვა ჯიშის ვაზის გაშენებასაც ვაპირებ. ახლა მხოლოდ საფერავის ვენახები გვაქვს ყვარელში, სოფელ ენისელში, მომავალში თეთრი ვაზის ჯიშების, კერძოდ, ქისის, ხიხვის, კახური მწვანეს, რქაწითელის გაშენებას ვაპირებ“.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ღვინო „გოზაურის" ღირებულება 37-45 ლარია, ხოლო უცხოურ ბაზრებზე 20-25 დოლარი.