მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გავლენას ვერ მოახდენს ქართული თხილის ინდუსტრიაზე”- NutsGe

6239c1415c414
მარიამ ადამია
28.03.22 09:00
1140
თხილის გადამამუშავებელი საწარმო, NutsGe-ის დირექტორი, მამუკა ბერიაშვილი, გადაცემა “საქმიან დილაში”, თხილის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გავლენას ვერ მოახდენს ქართული თხილის ინდუსტრიაზე, რადგან ბაზარი დივერსიფიცირებულია და მისი ძირითადი მყიდველი ევროკავშირის ქვეყნებია.
“ჩვენს კომპანიის გაყიდვების 50% ევროკავშირზე მოდის, ხოლო დანარჩენი 50%, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, იქნება აზიის, არაბული თუ აფრიკული ქვეყნები. ვცდილობთ ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყოთ, რადგან თხილი პრემიუმ პროდუქტია, რომელიც რეაგირებს ყველა ცვლილებაზე, შოკზე იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური. მხოლოდ წლევანდელ სეზონზე რამდენი ფაქტორი წამოიჭრდა, რომლებმაც გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ქართული თხილის ინდუსტრიაზე, ფასთა პოლიტიკაზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვშლით ჩვენს გაყიდვებს, რადგან გამოწვეულმა შოკებმა გაყიდვებზე და მოგებაზე არ იმოქმედოს,” - აღნიშნავს NutsGe-ის დირექტორი.

რაც შეეხება პრობლემებს, მამუკა ბერიაშვილის თქმით, ინდუსტრია ფეხზე დგას, გამართულად მუშაობს, მაგრამ პრობლემები მუდმივად არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა კი, საბრუნავი კაპიტალის სიმცირეა.

“საბანკო სისტემის მიდგომაა შესაცვლელი, რადგან ქართული საბანკო სისტემა თხილის ინდუსტრიას უყურებს, როგორც ე.წ. “თრეიდინგს” და ყიდვა-გაყიდვას. არ განიხილავს, რომ ეს არის ინდუსტრია, წარმოება და უწყვეტი ციკლი, რომელიც მუშაობს სეზონის დაწყებიდან - დასრულებამდე. მთლიანობაში კი, ბევრი რამ გვაკლია და განვითარებამდეც დიდი გზაა გასავლელი. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში იაფი ფული, იაფი საბრუნავი კაპიტალი, ასევე ცნობადობა ქართული თხილის, როგორც ბრენდის და განათლება, რამაც დამატებითი შედეგები უნდა მოგვიტანოს,” - განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თხილი საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა. გასულ წელს ქვეყანამ თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტისგან 118 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.