მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება სანქციების მე-11 პაკეტს რუსეთში ექსპორტზე? - ლევან დავითაშვილის პასუხი

649989d7a9615
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 16:50
778
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ახალი შეზღუდვები წესდება რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზეც. BMG-იმ ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მიმართა კითხვით, რა გავლენა ექნება სანქციების მეთერთმეტე პაკეტს საქართველოდან ექსპორტზე.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მე-11 პაკეტის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც EU-ს მიმართეს. მინისტრის თქმით, თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას დამატებითი კონსულტაციები ექნება სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოდის.

“საქართველო მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა და რეექსპორტის ოპერაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საყურადღებოა ყოველთვის სანქციების განახლებული პაკეტები. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და აქაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უშუალო კომუნიკაციით ვსარგებლობთ და მომავალი ვიზიტი, რომელიც ხვალ გაიმართება, ვთვლით, რომ იქნება სასარგებლო იმ კუთხით, რომ მივიღოთ მეტი განმარტებები. თუმცა, ჩვენ დამაზუსტებელი კითხვებით მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს, კონკრეტულად იგივე ავტომობილებთან დაკავშირებით, რადანაც სანქციების სხვა შემთხვევებში იყო ფასის ლიმიტები, რომელიც იყო გასათვალისწინებელი და გვექნება უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია.

საქართველოსთვის ეს საქონელი [ავტომობილები] მნიშვნელოვანი იყო რეექსპორტის კუთხით და ვნახავთ და ანალიზსაც გავაკეთებთ შესაბამისს.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებებს, სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით, ჩვენ ვახდენთ პრევენციებს და ასე გააგრძელებს სახელმწიფო,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან რუსეთში ტოპ-3 საექსპორტო საქონელს შორისაა. ამასთან, საქართველოდან 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთთან 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია. სავაჭრო ბრუნვის ამ მაჩვენებლით, რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, წელს საქართველომ რუსეთიდან 778 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ექსპორტი კი 34%-ით, 281 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთში საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს.

საქართველოს ტოპ-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში იანვარ-მაისის პერიოდში:

1) ღვინო - 69 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50%;
2) ფეროშენადნობები - 45 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%;
3) მსუბუქი ავტომობილები - 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 485%;
4) მინერალური და მტკნარი წყლები - 28 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 64%
5) შაქრიანი, გაზიანი სასმელები - 26 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 190%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები