მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობა საფრთხის შემცველია - დუმის თავმჯდომარე

60659aededfea
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 14:10
2433
რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი სოციალურ ქსელ Telegram-ში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობა საფრთხის შემცველია.

ვიაჩესლავ ვოლოდინი პოსტში 2019 წელს საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტსაც ეხება და საქართველოში არსებულ ღრმა კრიზისზე საუბრობს.

„ვლადიმერ პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო შექმნილი მგომარეობა კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორ ღრმა კრიზისში იმყოფება საქართველო. რადიკალიზმი დღეს დიდ წილად მისი შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელია და ეს არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს.

მანამდე მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობისას, რომელიც საქართველოს ორგანიზებით თბილისში იმართებოდა, მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა ასამბლეის თავმჯდომარის სერგეი გავრილოვთან მიმართებითაც.

ეს ყველაფერი საქართველოს უპირობოდ ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა“, - წერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოს 50-კაციანი ჯგუფით დაბადების დღის აღსანიშნად ეწვია. ტურისტებმა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კომენდანტის საათის შეზღუდვა დაარღვიეს, რამაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ჟურნალისტმა თანმხლები პირებით საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა.