მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულების თარიღმა გადაიწია

642429a35b039
გვანცა სანაია
30.03.23 00:05
2974
რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის, სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულების ვადამ 2023 წლის მაისამდე გადაიწია. ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. მიზეზად მგფ-ში დამატებითი სამუშაოების საჭიროება დაასახელეს.

კერძოდ, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მგფ-მა პროექტის ფარგლებში, მრავალფუნქციურ კომპლექსში სპორტული აღჭურვილობა და ინვენტარი უნდა დაამატოს, რომლის შეძენასა და მონტაჟს დამატებითი დრო სჭირდება.
მათივე ცნობით: "სპორტკომპლექსის შენობა აშენებულია და გადახურულია, მიმდინარეობს შიდა დარბაზების მოპირკეთება, იატაკის მოწყობა, გათბობა-ვენტილაციის სისტემების მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა-ნაგებობა გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს," - განუცხადეს BM.GE-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

BM.GE-ს კითხვაზე, ვინ შეძლებს სპორტული კომპლექსით სარგებლობას, იქნება თუ არა უფასო კომპლექსში არსებული დარბაზები ქალაქის გუნდების გარდა, სხვა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი? - ფონდში განმარტეს: "პროექტის დასრულების შემდეგ კომპლექსი გადაეცემა მუნიციპალიტეტს, რომლის მართვას სრულად განახორციელებს თავად მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ვინ და რა ფორმით ისარგებლებს სპორტული კომპლექსით, დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს", რაზეც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რომ რუსთაველმა სპორტსმენებმა მაქსიმალურად შეძლონ ახალი რესურსის გამოყენება.

რუსთავის სპორტის სასახლე, პროექტის მიხედვით, ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი იქნება, რომელიც 1 500 მაყურებელზეა გათვალილი. მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ -კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები ეწყობა. შენობაში გათვალისწინებულია გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. მოეწყობა ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა, საფეხმავლო ბილიკებით.

პროექტის ჯამური ღირებულება 20.75 მლნ ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. საწყისი ბიუჯეტი 19.312 მლნ ლარი იყო და სპორტის სასახლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.