მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული VISA და Mastercard ბარათებით საქართველოში გადახდები შეჩერდა - საბანკო ასოციაცია

621de3f661526
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.22 13:21
3801
საქართველოს საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოში რუსული ბანკების VISA და Mastercard ბარათების მომსახურება შეჩერდა. ასოციაცია განმარტავს, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ სანქციებს ქართულ საბანკო სისტემაზე.

სანქციების ამოქმედების შემდეგ, საბანკო სისტემაში უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, კვირას "VTB ბანკმა" განაცხადა, რომ მთლიანი საცალო ბიზნესი - ფიზიკური პირების დეპოზიტების და სესხების პორტფელი "ბაზისბანკს" მიჰყიდა.

კიდევ ერთი ცვლილება SWIFT-იდან რუსული ბანკების გათიშვაა, რის გამოც, ქართული ბანკები რუსულ ბანკებთან  გადარიცხვებს ვეღარ მოემსახურებიან. 

"საქართველოს საბანკო სისტემა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ და ერთობლივი ძალებით ყველა ზომას იღებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთი სანქცია დაუწესა აგრესორ რუსეთს და რუსულ ბანკებს.

გვსურს, განვმარტოთ აღნიშნული სანქციების გავლენა საქართველოს საბანკო სისტემაზე და მის მომხმარებელზე.
სექტორი ამ პერიოდში მაქსიმალურად მობილიზებულია, იღებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს და სწრაფ ადაპტირებას ახდენს მიმდინარე ცვლილებებზე.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ “ვითიბი ბანკზე” დაწესებულ სანქციებს, რის შედეგადაც, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, “ვითიბი ბანკ ჯორჯიამ” საკუთარი საცალო პორტფელი ბაზისბანკზე გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

რას ნიშნავს ეს ცვლილება “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მომხმარებლისთვის? “ვითიბი ბანკ ჯორჯია” განაგრძობს იურიდული პირების მომსახურებას, დღესდღეობით, მას საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა გააჩნია ამისთვის, ხოლო ფიზიკური პირები ხდებიან "ბაზისბანკის" მომხმარებლები. ბაზისბანკს ბაზარზე მოღვაწეობის 28-წლიანი ისტორია აქვს და უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია. ამ გარიგების შედეგად, “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ყოფილ მომხმარებლებს სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებები. ისინი, როგორც ახლა უკვე ბაზისბანკის მომხმარებლები, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში.

შემდეგი სანქცია უკავშირდება რუსული ბანკების გათიშვას SWIFT სისტემიდან. SWIFT-ი საერთაშორისო ანგარიშსწორების და კომუნიკაციის უნივერსალური სისტემაა. ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომხმარებელი, ვეღარ შეძლებენ SWIFT სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან, ასევე ვერ შეძლებს გადარიცხვების მიღებას სანქცირებული ბანკებიდან.

სანქციები, ასევე, დაწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს - იქნება ეს განაღდება თუ გადახდები. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც.

სანქციების რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვაანალიზებთ შეზღუდვების შესაძლო გავლენას საქართველოს საბანკო სისტემაზე," - ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები