მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტის გაფართოებისთვის მთავრობასთან მოლაპარაკებები საბოლოო პირობებზე მიმდინარეობს - APM Terminals Poti

63d7735c9f5f9
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 11:42
1531
ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან მართავს. ცნობილია, რომ კომპანია, ამ მხრივ, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არის ცნობილი, ასევე უცნობია რა ეტაპზეა მოლაპარაკებები APM-სა და მთავრობას შორის.

ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვას APM Terminals Poti-ს კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა უპასუხა.  მისი თქმით, ამჟამად მთავრობასთან მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა. ამასთან, როლინსონის განცხადებით, ფოთის პორტში სატვირთო ნაკადები გაზრდილია და დღის წესრიგში პორტის გაფართოების რეალური საჭიროება დგას.

“ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ყველა კატეგორიის ტვირთების რაოდენობის ზრდა.

ჩვენ ვხედავთ ტერმინალის გაფართოების რეალურ საჭიროებას, ამისთვის ჩვენ კვლავ გავდივართ საბოლოო პირობებს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი საკმაოდ სწრაფად წარიმართება,”- ამბობს როლინსონი.

APM Terminals Poti-ი ასევე ყურადღებას ამახვილებს მეტი კოორდინაციის აუცილებლობაზე რეგიონის ქვეყნების პორტებსა და რკინიგზებს შორის. მისი თქმით, ამ მიმართულებით წარსულში ნდობის ნაკლებობაც არსებობდა.

“ჩვენ ვხედავთ რეალურ საჭიროებას, რომ გაიზარდოს კოორდინაცია საპორტო და სარკინიგზო ოპერატორებს შორის ცენტრალურ აზიაში, აქ და ევროპაში. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად და შევქმნათ უფრო მეტი ეფექტიანობა და მეტი ტვირთი გავატაროთ სისტემაში.

ამ ოპერატორებს შორის წარსულში ნაკლები ნდობა და ნაკლები კოორდინაცია იყო. ეს ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო. ჩვენ ამ კორიდორში არ ვართ სხვა პორტების კონკურენტები, ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიპოვოთ საერთო ნიადაგი ურთიერთანამშრომლობისთვის,”- ამბობს როლინსონი.

პორტის გაფართოების პროექტის გაჭიანურებას მთავრობა თავად APM Terminals Poti-ს უკავშირებს. ოქტომბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხდა, რომ სახელმწიფომ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც პორტის მიერ იყო დაყენებული, APM-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

“APM-თან ჩვენ რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. ფაქტობრივად, ყველა პირობა შევათანხმეთ და ვფიქრობ, რომ ეს დეტალები, რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდაც რეალურად, არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერაა, რათა ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, გაფართოება მოახერხოს. ასე რომ ვფიქრობ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემშლელი არაფერია. ესაა ინვესტორის გადაწყვეტილება რამდენ ინვესტიციას გააკეთებს,” - თქვა ლევან დავითაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა აინტერესებდა ფოთის პორტის მმართველ კომპანიას და რა მხარდაჭერა აღმოუჩინა სახელმწიფომ.

საქმე ის არის, რომ APM TERMINALS-მა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა სთხოვა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოსგან უარი მიიღო. ამის შემდეგ APM იწყებს იმ ეტაპების გავლას, რაც საჭიროა, პორტის მშენებლობისთვის. კერძოდ, ვიდრე პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, სამი მთავარი სტადიაა - პირველი არის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, მეორე - პროექტის შეთანხმება და მესამე - უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2019 წელს APM-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით და მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან საჭირო ნებართვა მიიღო კიდეც, მაგრამ ძალიან მალევე ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმა; მიზეზად ხარვეზები დასახელდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ APM-მა 2020 წელს კიდევ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და იმავე წლის 26 მარტს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან ეს ნებართვა მიიღო.