მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გაყიდული ბილეთების გაუქმება გვაიძულა

5f17070a493a1
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 19:22
17415
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის, მათ შორის Ryanair-ისთვის რეგულარული ავიარეისების აღდგენის უფლება აგვისტოშიც არ მიეცა, ავიაკომპანიას გაყიდული ბილეთების გაუქმება აიძულა.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყნის მასშტაბით, უცხოეთის მოქალაქეთა შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივების თაობაზე, გვაიძულა დაგვეწყო გაყიდული ბილეთების გაუქმების პროცესი. მგზავრებს, რომელთაც ეს გაუქმება შეეხოთ ავიაკომპანიამ ელექტრონული ფოსტითა და სმს შეტყობინებით გაუგზავნა განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა სახით შეუძლიათ გადახდილი ბილეთის კომპენსაციის მიღება. ჩვენ ვწუხვართ Covid-თან დაკავშირებული გაუქმებების გამო, რომლებიც სრულად ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა," - ასე პასუხობს ავიაკომპანია Ryanair-ი BMG-ის კითხვაზე, თუ რა შეფასების გაკეთება შეუძლიათ საქართველოს მიერ მათთვის ფრენების დაწყების კიდევ მინიმუმ ერთი თვით გადავადების თაობაზე.  

ამასთან, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს, კერძოდ კი, პირველი ივლისიდან მოყოლებული ავიაკომპანია დღეში 1000 რეისს ახორციელებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგას გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Ryanair-ი და Wizz Air-ი. მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობიდან უარი მიიღეს.

„მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არის, რომ „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, "ლუფთჰანზასთან" ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. "ვიზეარი" და "რაინეარი" ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს. ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი - ჯანმრთელობა დავიცვათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Ryanair-ი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით ასრულებდა რეისებს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით მოიხსნება რეგულარულ საავიაციო სამგზავრო გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრიდან.