30.ივნისი .2022 15:30

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული პროექტებიდან 2%-4% ჩავარდა - ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული პროექტებიდან 2%-4% ჩავარდა - ხიდურელი
views 856
უკან

„აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით დაფინანსებული ბიზნეს პროექტებიდან 2-4% გაფუჭებულია. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დღეს, სასტუმრო „რუმსში“ სააგენტოს ხელმძღვანელმა საზოგადოებას პროგრამის ეფექტიანობის შედეგები წარუდგინა, რომლის მიხედვით, სააგენტოს მიერ 8 804 პროექტის თანადაფინანსებამ 2.2 მლრდ ლარი შეადგინა. შედეგად კი 57 480 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ სტატისტიკაზე მეტად მნიშვნელოვანი ის ეკონომიკური ეფექტია, რომელიც პროექტის განხორციელებით შეიქმნა.

„ჩვენ თანადაფინანსებული თითოეული 1 ლარის ეკონომიკური გავლენა შევაფასეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ კრიტიკულები ვიყოთ და ვიპოვოთ პრობლემები ჩვენს პროგრამებში, რომ გამოვასწოროთ, დღევანდელი სურათი საკმაოდ პოზიტიურია, თითო თანადაფინანსებულმა 1 ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე მხოლოდ ერთ წელში 1.6 ლარი შეიტანა გადასახადების სახით ბიუჯეტში და 1 ლარმა შექმნა დამატებით 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამები პირდაპირ, სწრაფ და გაზომვად ეფექტს ახდენენ ჩვენს ეკონომიკაზე“, - განაცხადა ხიდურელმა.

„აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის შეფასებით, დაფინანსებული ბიზნესებიდან გაფუჭებული პროექტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

„2%-დან 4%-მდეა დაახლოებით "გაფუჭებული" პროექტების პორტფელი, რაც 2%-ით ნაკლებია ზოგადად საბანკო სექტორზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად პოზიტიური შედეგია. ეს თანმხლები, ბუნებრივი პროცესია, როდესაც 8 800 პროექტს აფინანსებ, ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და ყველა ბიზნესი ვერ განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ეს მცირე 2-4%-ია“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა