მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა

63d25e3aaea69
ინგა მურუსიძე
26.01.23 15:11
614
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სამართლებრივი აბსურდი გრძელდება. "გვედავებიან საქმეზე, რომლის განხილვაც არ ყოფილა. პროკურატურას დადასტურებული აქვს წერილობით, რომ ამ საქმეზე პრეტენზია არ გააჩნიათ და პრეტენზია რომც ჰქონოდათ, არც განგვიხილავს, არც გვიკამათია ამ საკითხზე, რაშიც ბრალს გვდებენ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ", - თქვა მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ხაზარაძემ.

გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლა იყო.