მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდამ სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია - PMC

62d018528d045
მარიამ ვარადაშვილი
14.07.22 22:47
1044
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი გაიზარდა, რამაც საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების წილის კლება გამოიწვია.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამავე პერიოდში შემცირდა შინამეურნეობების რეალური შემოსავლები და გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია უშვებს შესაძლებლობას, რომ შემწეობის მიმღებთა ზრდამ სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებლებზე იქონია გავლენა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2017-2021 წლებში საქართველოში არსებულ სიღარიბის მაჩვენებლებს ეხება, წერია, რომ 2017-დან 2019 წლამდე შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები 1,182 ლარიდან 1,360 ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავალი წლიურად 3%-ით შემცირდა.

იმის გამო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალი ინფლაცია იყო, ორგანიზაციამ შინამეურნეობების შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებითაც გაანალიზა. შედეგად, საშუალო რეალური შემოსავალი, საშუალო ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, გაანალიზებულ პერიოდში 1,182 ლარიდან 1,096 ლარამდე შემცირდა. 2021 წელს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით კვლავ 6%-ით ნაკლები რჩება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2021 წელს საქართველოში შინამეურნეობების 54%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. 2017-2019 წლებში, საქართველოში სიღარიბის ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი მცირედით შემცირდა, თუმცა 2020 წელს COVID-19 კრიზისის გამო მოსახლეობის წილი, რომელიც საერთაშორისო სიღარიბის ზღვრებს ქვევით ხვდებოდა, გაიზარდა.

2017-2021 წლებში საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 21.9%-დან 17.5%-მდე შემცირდა. 2020 წელს კი COVID-19-ის კრიზისის გამო, 2019 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 1.8 პპ-ით გაიზარდა. თუმცა 2021 წელს ეკონომიკური ზრდა სიღარიბის სტატისტიკაზეც აისახა და აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 3.8 პპ-თი შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის მსგავსად ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილის დინამიკაც კლებადია და მაჩვენებელი 22.3%-დან 18.9%-მდე შემცირდა.

სიღარიბის აბსოლუტურ და ფარდობით ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად, 2017-2021 წლებში სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების წილი საქართველოს მოსახლეობაში 12.1%-დან 15.8%-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19-ის კრიზისმა, სავარაუდოდ, გავლენა იქონია საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობის ზრდაზე.

მოცემულ პერიოდში სიღარიბის გასაზომად მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ინდიკატორის საარსებო მინიმუმის ზრდაც მოხდა. კვლევის თანახმად, 2017-2021 წლებში საშუალო ოჯახისთვის ყოველწლიური საარსებო მინიმუმი 48 ლარით გაიზარდა და 334 ლარს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნომინალური საარსებო მინიმუმის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციის მაღალმა დონემაც იქონია და რეალური მაჩვენებელი პირიქით 2017 წელს 286 ლარიდან 2021 წელს 271 ლარამდე შემცირდა.

კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიამ შესაძლოა, ზუსტად არ ასახოს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. კერძოდ, საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც საშუალო ოჯახს კალორიების საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა შემდგომში განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს. თუმცა საქსტატის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში საშუალო ოჯახის დანახარჯები საკვებზე, სასმელებსა და თამბაქოზე აუცილებელი დანახარჯების 54%-ს შეადგენდა, შესაბამისად არა სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში უნდა განისაზღვროს, როგორც მინიმუმ 46%. ამ მონაცემის მიხედვით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმი 99 ლარით იზრდება და 433 ლარს აღწევს.

ამის გათვალისწინებით ორგანიზაცია აცხადებს, რომ აბსოლუტური სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად შესაძლოა, საჭირო იყოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა.

“საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2017-2021 წლებში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი გაიზარდა, რამაც გამოიწვია საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების წილის კლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში შემცირდა შინამეურნეობების რეალური შემოსავლები და გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა. სავარაუდოა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდის შედეგად, ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც შემწეობის მიღების შედეგად დაუგროვდათ საკმარისი შემოსავალი და ხარჯები სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის გადასალახად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებლებზე”,-აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება მონაცემებს, 2021 წელს სიღარიბის დონე საქართველოში 19.7%-დან 18.9%-მდე შემცირდა.