მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები შემცირდა, საჰაერო კი გაიზარდა - PMC-ის პუბლიკაცია

ლოგისტიკა - ტრანსპორტი

2023 წელს საქართველოში ტვირთების სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები შემცირდა, საჰაერო გადაზიდვები კი გაიზარდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის მიხედვით, სექტორში მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი და მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში პერსპექტიული შესაძლებლობაა გაფართოებისთვის.

ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო ქსელების გაუმჯობესების გზით, საქართველოს შეუძლია განიმტკიცოს ევროპასა და აზიას შორის მთავარი სატრანზიტო ჰაბის პოზიცია“,- აღნიშნულია PMC-ს პუბლიკაციაში.

სარკინიგზო ტრანსპორტი

2023 წელს საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობამ წლიურად 8.2%-ით დაიკლო და სულ 13.6 მლნ. ტონა ტვირთი გაიდაიზიდა. ძირითადი მიზეზი ტრანზიტის 11%-იან შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი გადაზიდვების უდიდესი წილი სწორედ ტრანზიტზე მოდის და გასულ წელს 7.7 მლნ. ტონა შეადგინა. PMC-ის თანახმად, შემცირებული ტრანზიტი შესაძლოა, შუა დერეფნის არასაკმარის გამოყენებაზე მიუთითებდეს.

იმპორტი ერთადერთი მიმართულება, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდას აჩვენებს. კერძოდ იმპორტირებული საქონლის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობის ზრდამ 4% შეადგინა. ამის საპირისპიროდ, 9%-იანი კლებაა ექსპორტის ნაწილში, ადგილობრივი საქონლის გადაზიდვების მოცულობა კი 14%-ითაა შემცირებული.

გასულ წელს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის ნახევარზე მეტი (57.4%) ორ კატეგორიაზე, ლითონის მადნებზე, ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოდიოდა.

„საქართველოს სარკინიგზო სისტემაში ტრანზიტი კვლავ დომინანტური კომპონენტია, ხოლო ექსპორტირებული საქონელი შესამჩნევი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამავდროულად, იმპორტირებული საქონელი ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის, ხოლო ამ საქონელთაგან უპირატესია ნავთობი და ნავთობის ზეთები“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

საჰაერო ტრანსპორტი

გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში გადაზიდული ტვირთისა და ფოსტის მოცულობის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რითაც პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდა. ამასთან, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ფრენების რაოდენობა 32%-ით, 1085-მდე შემცირდა. პუბლიკაციის თანახმად, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც პანდემიის ეფექტით გამოწვეული ზრდის შემდეგ სტაბილიზაციის ნიშანი. პანდემიის დროს, ბევრმა ავიაკომპანიამ შეამცირა ან შეაჩერა სამგზავრო გადაყვანები, რამაც სამგზავრო თვითმფრინავებით ტვირთის გადაზიდვებიც შეამცირა და ამის საკომპენსაციოდ, საჭირო გახდა სატვირთო და ჩარტერული ფრენების უფრო აქტიურად გამოყენება.

საზღვაო ტრანსპორტი

2022 წელს დაფიქსირებული ტენდენცია გაგრძელდა და გასულ წელს საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ მცირედით, 7%-ით დაიკლო. 2023 წელს საქართველოს პორტებმა სულ 13.9 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს და გაატარეს. ამავდროულად, 2023 წელს საგრძნობლად, წლიურად 45%-ით გაიზარდა გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა და 693 976 TEU შეადგინა. აღნიშნულის შესაძლო მიზეზად PMC უკრაინაში ომის და რუსეთის სანქცირების გავლენით, საქართველოში ტვირთების გადმომისამართებას ასახელებს.

საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. შესაბამისად, ნაკლები მოცულობის ტვირთს თითქმის იგივე რაოდენობის გემი მოემსახურა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან შემომავალი გემების რაოდენობა წლიურად 67%-ით შემცირდა და მთლიან რაოდენობაში 4%-იანი წილი დაიკავა მაშინ, როდესაც 2022 წელს რუსეთზე 14% მოდიოდა. 4 ძირითადი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი გემი მიიღო შემდეგია: თურქეთი (მთლიანი გემების 18%), პანამა (16%), ლიბერია (16%) და მალტა (15%). თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, დანარჩენი სამი ქვეყნის შემთხვევაში კი, ასეთი აქტიურობა იმით აიხსნება, რომ მოსახერხებელი რეგულაციებისა და საგადასახადო შეღავათების გამო, გემის ბევრი მფლობელი არეგისტრირებს საკუთარ ხომალდს პანამაში, ლიბერიასა და მალტაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი ექსპორტს აღემატებოდა. 2023 წლის I-III კვარტლებში გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების იმპორტიც (28%) და ექსპორტიც (14%). წინა წელთან შედარებით ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების იმპორტში (42%), რასაც მოჰყვა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ექსპორტი (39%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები