მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორის 2020 წელი - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

60225917a7a0b
ლუკა მიმინოშვილი
10.02.21 10:30
2361
კოვიდ პანდემიამ გავლენა მთელ მსოფლიოზე მოახდინა, ნათელია; გამონაკლისი არც საქართველო და ქართული ეკონომიკაა - დაზარალდა ეკონომიკის ყველა მიმართულება, ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის ხელოვნურმა ჩარევებმა სექტორებს ზარალი შეუმცირა, ზოგ შემთხვევაში კი - პირიქით. საქართველოს შემთხვევაში, საბანკო სექტორზე მთავრობის როლსა და პოტენციური დახმარების შესაძლებლობაზე სარეიტინგო კომპანია Fitch-მაც იფიქრა, შედეგად კი კომერციული ბანკების შესახებ არსებულ რეიტინგში ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის „მთავრობის მხარდაჭერის“ შეფასება დააქვეითა.

„საბანკო ვალდებულება“ საქართველოში უცხო სიტყვათა შეთანხმება არავისთვისაა, ეს არის პროდუქტთა ჩამონათვალი რომლითაც თითქმის ყველა ოჯახი თუ მოქმედი ბიზნესი სარგებლობს. ე.წ. "200 ლარიანი კომპენსაციის" ბენეფიციართა სტატისტიკიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გასულ წელს პანდემიის მიზეზით უხელფასოდ 162 220 მოქალაქე დარჩა. ბუნებრივია, რომ ამ ადამიანების ნაწილს თითო კრედიტი მაინც ექნებოდა აღებული, რომლის მომსახურებაც უმუშევრად დარჩენილებს გაუჭირდებოდათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბანკო ვალდებულება უცხოურ ვალუტაში ჰქონდა, რადგან წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.
მაგალითად:

2020 წლის 1 იანვარს ლარის ოფიციალური კურსი იყო:
• 1 აშშ დოლარი - 2.8661 ლარი
• 1 ევრო - 3.2143 ლარი;

2021 წლის 1 იანვარს კი, სურათი გვქონდა:
• 1 აშშ დოლარი - 3.2766 ლარი
• 1 ევრო - 4.0233 ლარი.

როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სესხის მომსახურება რომ საკმაოდ გაუჭირდათ, ამას უკვე რესტრუქტურიზებული პორტფელის წილიც ასახავს, რომელიც 3.7%-დან 8.8%-მდე გაიზარდა, მათ შორის უმრავლესობა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მოდის. კურსის ასეთი ცვლილების შემდეგ, როგორც ჩანს, მოსახლეობამ ადეკვატურად აღიქვა ვალუტის ცვლილების გავლენა ყოველდღიურობაზე, რასაც შემდეგი ფაქტიც ადასტურებს, 2020 წლის დეკემბრის თვეში გაცემული 858 მილიონი ლარიდან 676.9 მლნ ლარი ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები იყო, უცხოური ვალუტის სესხების მოცულობამ კი 181.7 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნულის გათვალისწინებით ლარიზაციის კოეფიციენტი 44.32 % შეადგენს.

შეიცვალა საპროცენტო განაკვეთებიც, ზრდა შეეხო რამდენიმე კატეგორიას: ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების შემთხვევაში, არაუზრუნველყოფილ და უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებსა და ავტო სესხებს, რომლებიც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით საშუალოდ 0.66, 0.62 და 1.44 პპ-ით გაიზარდა, თუმცა გაიაფდა იპოთეკური და სალომბარდე სესხები 0.47 და 3.5 პპ-ით. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში კი ყველა კატეგორიის სესხი გაძვირდა, მათ შორის იპოთეკური სესხების ფასი საშუალოდ 1.87პპ-ით, სამომხმარებლო სესხებისა კი, ჯამურად როგორც უზრუნველყოფილი, ასევე, არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში 0.86 პპ-ით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტით ბიზნესის დაკრედიტების შემთხვევაში წლის ჭრილში გაიზარდა შემდეგი სექტორების დაფინანსება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა, მრეწველობა, მშენებლობა, ხოლო შემცირდა ისეთი მიმართულებების დაკრედიტება როგორებიცაა: ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება. ეროვნულ ვალუტაში გაცემული ბიზნეს სესხებისათვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 0.08პპ-ით გაიზარდა.

უცხოური ვალუტით ბიზნესის დაკრედიტების შემთხვევაში წლის ჭრილში გაიზარდა შემდეგი სექტორების დაფინანსება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა, ვაჭრობა. დაკრედიტება შემცირდა შემდეგი მიმართულებებით: განათლება, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. უცხოურ ვალუტაში გაცემული ბიზნეს სესხებისათვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 0.36 პპ-ით გაიზარდა.

ფინანსური მაჩვენებლები

2021 წლის 1 იანვრისათვის საქართველოში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2020 წელი როგორც ყველა ბიზნესისა და მოქალაქისთვის ასევე საბანკო სექტორისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რიგი შოკების შთანთქმა სწორედ ამ სექტორს მოუხდა, ამას კი მათი პოტენციური მოგების შემცირება მოჰყვა. მარტის შემდეგ არსებული სურათი კი ისეთ მდგომარეობას გვანახებდა, რომ სექტორს წელი ზარალითაც შეიძლებოდა დაესრულებინა, თუმცა სწორმა მენეჯმენტმა საბანკო სექტორს გასულ წელს შემდეგი მაჩვენებლები დააფიქსირებინა.

აქტივები

2020 წლის დეკემბერში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობამ 56.9 მლრდ ლარი შეადგინა 2019 წლის დეკემბრისათვის აღნიშნული მაჩვენებლის მოცულობა 47.2 მლრდ ლარი იყო, ზრდა 9.7 მლრდ ლარია.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 2020 წლის დეკემბრისათვის 5.85 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია, 2019 წლის დეკემბრისათვის ეს მაჩვენებელი 5.75 მლრდ ლარი იყო, აქტივებთან თანაფარდობა კი 12.18 პროცენტი, წლიდან წლამდე სხვაობა 102.8 მლნ ლარი, რომელიც კაპიტალის რეზერვებისა და გაუნაწილებელი მოგების ზრდითაა გამოწვეული. კაპიტალის რეზერვები 33.86 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო გაუნაწილებელი მოგება - 69.18 მლნ ლარით.

აქტივების ზრდა რამდენიმე პუნქტის ზრდის შედეგია, გაიზარდა განთავსებული ფულადი სახსრები, რომელიც 2019 წლის დეკემბრის მონაცემით, 7.07 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში აღნიშნული მაჩვენებლის მოცულობა 9.06 მლრდ ლარია, სხვაობა 1.99 მლრდ ლარი. სამეწარმეო სექტორისა და შინამეურნეობებზე გაცემული სესხები - 31.9 მლრდ ლარიდან 38.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ზრდის მოცულობა 6.3 მლრდ ლარია.

საბანკო სექტორის, საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად მუშაობის პარალელურად, 2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება #181, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხებოდა, აღნიშნულ დადგენილებაში მუხლი 12 აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შეზღუდვას შესახებ იყო, სადაც შემდეგი ჩანაწერია:

„შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.“

მიუხედავად ამისა, გაიზარდა ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების სრული მოცულობა, რომელმაც 244.6 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 220 მლნ ლარი იყო.

სებ-ის მიერ წარმოდგენილი კრებსითი აქტივებისა და პასივების დინამიკის მაჩვენებლებზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა დროში თითქმის იდენტურ პერიოდში ხდება და ემთხვევა ე.წ. რესტრუქტურიზაციის ტალღებს, კორონა პანდემიის ფონზე გასულ წელს ბანკებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ რესტრუქტურიზაციების გაკეთება, თავდაპირველად პირობა პროცენტისა და ძირის გადავადებას გულისხმობდა, რამაც საბანკო სექტორს საკმაოდ დიდ პოტენციურ სარგებელზე უარის თქმა გადააწყვეტინა, შემდეგ კი რესტრუქტურიზაციები ძირითადად პროცენტის კაპიტალიზაციით ხდებოდა, რაც თავისთავად ზრდიდა სამეწარმეო სექტორისა და შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობას.

2020 წლის მარტის თვეში, რაც პირველი რესტრუქტურიზაციის ტალღას ემთხვევა, სესხების მოცულობა 31.6 მლრდ ლარიდან 34.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რესტრუქტურიზაციები განსხვავებული 3 და 6 თვიანი ვადებით კეთდებოდა, რაც სესხების შემდეგ ზრდაზე ანალოგიურად აისახა.

2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა იპოთეკური მსესხებლებისთვის, რამაც რესტრუქტურიზაციის მეორე ტალღასთან ერთად თავისი როლი ითამაშა სასესხო პორტფელის ზრდაში და ივნისის თვისათვის 33.8 მლრდ ლარამდე შემცირებული სასესხო პორტფელი ივლისში 34.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, აგვისტოდან სექტემბრის თვემდე კი პორტფელის ზრდა 34.49 მლრდ ლარიდან 36.38 მლრდ ლარამდე იყო.

გარდა სესხების მოცულობათა ზრდისა გაიზარდა ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრებიც, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკაში ისეთი კრიზისული მდგომარეობისა, როგორიც კორონა ვირუსმა შექმნა, ეს მაჩვენებლები არათუ გაზრდილი, არამედ შემცირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა. 2020 წლის თებერვლიდან საპენსიო სააგენტომ ინვესტირების პროცესი დაიწყო. თანხის ინვესტირება კი, სრულად საბანკო ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში ხდებოდა, სწორედ საპენსიო სააგენტოსა და მთავრობის თანხების განთავსებამ დააბალანსა და საერთოდაც გაზარდა ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრებიც. შედეგად ვადიან დეპოზიტეპზე სამთავრობო სექტორის მიერ განთავსებული თანხების მოცულობა 583.8 მლნ ლარიდან 2.6 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სამთავრობო სექტორის მოთხოვნამდე დეპოზიტებზე არსებულმა განთავსებამ კი 353 მლნ ლარი შეადგინა.

2020 წლის ბოლოსათვის დეპოზიტების საერთო მოცულობა 34.63 მლრდ ლარს შეადგენდა. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი კი, 38.61% იყო.

საბანკო სექტორის შემოსავლები

შემოსავლების ნაწილი შემდეგნაირად გამოიყურება:

2020 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიანი შემოსავლების მოცულობა 4.82 მლრდ ლარია, საიდანაც საპროცენტო შემოსავლების მოცულობა 3.98 მლრდ ლარს შეადგენს, საპროცენტო შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
სესხებიდან შემოსავლები - 3.47 მლრდ ლარი, მათ შორის ფიზიკური პირებზე გაცემული სესხებიდან 2.05 მლრდ ლარი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან 1.41 მლრდ ლარი, ბანკთაშორის სესხებიდან მიღებული შემოსავალი კი 0.01მლრდ ლარამდეა.

ნოსტრო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები - 33.5 მლნ ლარი.
ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები - 452.3 მლნ ლარი.
სხვა შემოსავლებისა და არასაპრცენტო შემოსავლების მოცულობა - 0.9 მლრდ ლარი.

მიუხედავად რიგი მიმართულებით არსებული შემოსავლების შემცირებისა, 2019-2020 წლის თორმეტ-თორმეტი თვის არსებულ სურათზე შედარებით ვხედავთ რომ შემოსავლების მოცულობა 2020 წელს 384.8 მლნ ლარით არის გაზრდილი, სესხებიდან მიღებული შემოსავლები 321.9 მლნ ლარით არის გაზრდილი, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა არის ფასიანი ქაღალდების რეალიზებიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელიც 2019 წელთან შედარებით 124.3 მლნ ლარით გაიზარდა და 452.3 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკების მიერ განხორციელებული ლიბერალური პოლიტიკის გამო მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი ტიპის შემოსავლები როგორებიცაა:

საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან - შემცირება 41 მლნ ლარს შეადგენს ხოლო 2020 წელს ამ ნაწილში მიღებული შემოსავალი 326.2 მლნ ლარია.
შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან - შემცირება 34.4 მლნ ლარია და 2020 წელს ამ ნაწილში მიღებული შემოსავალი 50.3 მლნ ლარს შეადგენს.

ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება, 2019 წლის შედეგი ამ ნაწილში 359.8 მლნ ლარი იყო, 2020 წლის იგივე მაჩვენებელი კი, მხოლოდ 19.5 მლნ ლარია.

რესტრუქტურიზაციების პერიოდმა და ამ დროს გატარებულმა ცვლილებებმა 2020 წლის მარტში საბანკო სექტორს 943 მლნ ლარის ზარალი მოუტანა, თუმცა მიუხედავად რთული წლისა, სექტორმა წელი მაინც მოგებით დაასრულა, რაც შოკების მიმართ ფინანსური სექტორის მდგრადობას კიდევ ერთხელ დაგვანახებს.

საბანკო სექტორის მოგება

მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული ნეგატიური მოლოდინებისა 2020 წელს საბანკო სექტორმა წელი მოგებით დაასრულა, მოგებამ 99.26 მლნ ლარი შეადგინა. ბოლო კვარტლის მოგება 351. 4 მლნ ლარი იყო, თუმცა მარტის თვეში არსებულმა 943 მლნ-მა ზარალმა ჯამური შედეგი 100 მლნ-ზე ნაკლები დააფიქსირა, მარტის თვეში არსებული 943 მლნ ლარიანი ზარალიდან ყველაზე დიდი წილი სესხების დარეზერვების ხარჯს ეხებოდა, შედეგად კი სექტორი მინიმალურ მოგებაზეა, მინიმალურზე რადგან 2019 წლის წლიური მოგება 953.63 მლნ ლარი იყო სხვაობა კი 89.59% შეადგენს. მოგების გენერირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს სუბსიდირებულმა სესხებმა, რომელმაც დაკრედიტების პროცესი ასტიმულირა და ასევე გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა.

ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა

ის, რომ პანდემია მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი იყო ფინანსურ სექტორზე, ამას, გარდა ზრდის და მოგების შემცირებული მაჩვენებლებისა, შემდეგი სტატისტიკაც ამყარებს.

2019 წლის დეკემბრისათვის საქართველოში არსებული კომერციული ბანკები წარმოდგენილნი იყვნენ: 149 ფილიალითა და 835 სერვის-ცენტრით, 2020 წლის დეკემბრისათვის ფილიალების რაოდენობაში მცირედი ზრდა არის და 160-მდე გაიზარდა, თუმცა სერვის-ცენტრების ნაწილში მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება და მათი რაოდენობა 765-მდე არის შემცირებული, რაც დიდი ალბათობით ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგი უნდა იყოს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გარდა საბანკო სექტორისა ცვლილება მოხდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა, სესხების გამცემ სუბიექტთა და გადამცვლელი პუნქტების რაოდენობებშიც.

მიკროსაფინანსო სექტორში 2019 წლის დეკემბერში არსებული 48 კომპანიის მაგივრად 2020 წლის დეკემბერში 40 ფუნქციონირებს, სესხების გამცემი სუბიექტების რაოდენობა იგივე პერიოდში 204-დან 198-მდე შემცირდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა 849-დან 791-მდე არის შემცირებული.

საბანკო სექტორმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მისი მდგრადობა და გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ეს როგორც მოსახლეობისათვის ასევე ბიზნეს სექტორისათვის მნიშვნელოვანი სიგნალია.

მიუხედავად სებ-ის „წინასწარ განჭვრეტადი ვარაუდისა“ და 2018 წლის რეგულაციებისა, უნდა ითქვას, რომ კრიზისს გარკვეული ციკლურობა ახასიათებს, სავარაუდოდ, ამაზე ფიქრობდნენ სებ-შიც, როდესაც რეგულაციათა გატარებასა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკაზე დაიწყეს ფიქრი, თუმცა ახლა სხვა დროა და სხვანაირად ფიქრია საჭირო. მოკლე ვადაში დაკრედიტების წესის შერბილება და ეკონომიკის სტიმულირება სწორედ 2021 წელს პანდემიის დასასრულისკენ არის საჭირო, სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს რეგულაციათა გადახედვა და დაიწყოს სწრაფი აღდგენის პერიოდი, რაც არა მარტო ფინანსური სექტორის მომგებიანობას გაზრდის, არამედ ასტიმულირებს ბიზნეს სექტორს. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორ დაკრედიტებას და ეკონომიკაზე რესურსის მიწოდებას, საბანკო სექტორს კიდევ ერთხელ მიეცემა აღმდგენის ფუნქცია, რაც ეკონომიკური ამუშავების წინაპირობა გახდება, კონსერვატიული მიდგომებისთვის და რეგულაციებისათვის კი დრო კვლავ იქნება, თუმცა ეს 2-3 წლის შემდეგ - ამ დროში შემდეგი კრიზისისთვის მომზადებაც იქნება შესაძლებელი.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>