მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის RKO-ს პროდუქცია საფრანგეთშიც გაიყიდება

5f70a056e430b
ინგა მურუსიძე
27.09.20 18:14
1761
საქართველოში, ხელით ნაქსოვი პროდუქცია დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ჩინეთთან, კორეასა და დანიასთან ერთად საფრანგეთშიც გაიყიდება, - როგორც bm.ge-ს კომპანია „რკოს“ თანადამფუძნებელმა, თამარ მესარკიშვილმა განუცხადა, ამჟამად სხვა ქვეყნებთან ერთად, ქართული პროდუქციით ფრანგული ბრენდი, LE PETIT SOUK დაინტერესდა.

მისივე თქმით, კომპანია „რკო“ საფრანგეთში პირველად 2019 წელს მოხვდა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

„საქმიანობა მე ჩემმა დამ და კიდევ ერთმა ჩვენმა მეგობარმა 2016 წლიდან დავიწყეთ. თვიდან ვაწარმოებდით მხოლოდ ქუდებს და რამდენიმე მქსოველი გვყავდა. ინვესტიცია არ დაგვჭირვებია, ვინაიდან ჩვენი ხარჯებით მოვახერხეთ ამ ყველაფრის დაწყება. გახსნიდან დაახლოებით 1 წელიწადში მოვახერხეთ შოუ-რუმის გახსნა და მაღაზიაც გვქვს, ჯერ-ჯერობით საქართველოში გაფართოებას არ ვაპირებთ, რადგან ექსპორტზე ვმუშაობთ. საფრანგეთის გარდა პროდუქცია გაგვაქვს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჩინეთში, კორეაში, და დანიაში“, - განაცხადა მესარკიშვილმა.

რაც შეეხება საწარმოს, კომპანიას საწარმო არ აქვს. „ჩვენ ვასაქმებთ ქალებს, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, დაახლოებით 50 ქალი გვყავს. ჩვენი მასალით, ჩვენი მენეჯმენტით, აბსოლუტურად ყველაფრით, პროდუქციას ამზადებენ სახლებში. რაც შემდეგ გაგვაქვს ექსპორტზე. წლიურად დაახლოებით 2000 ცალი პროდუქტის დამზადება გვიწევს ექსპორტზე გასატანად, ხოლო საფრანგეთიდან სრულად 2000 ცალის შეკვეთა მივიღეთ, რაც ჯამში 200 კგ გამოვიდა“, - ამბობს თანადამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, „რკო“ აწარმოებს არა მხოლოდ ქუდებს, არამედ ჟაკეტებს, შარფებს, შორტებს და ა.შ. ბავშვებისთვის ნული თვიდან 7 წლამდე.

კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

„პანდემიის დროს ძალიან გაგვიჭირდა, რადგან პროდუქციასაც კი ვერ ვშოულობდით თუმცა ამის მიუხედავად, არ გავჩერებულვართ. მასალაში ძალიან გავიჭედეთ, მაგრამ შეკვეთები გვქონდა და ვერ გავრჩერდებოდით. ამიტომ მოგვიწია საწარმოების ჩანაცვლება, რომ შესაბამისი ძაფი შეგვეძინა“, - ამბობს მესარკიშვილი.

კომპანია ახალი ხაზის შექმნას გეგმავს, რაც საქსოვ დაზგებზე მოქსოვილი პროდუქციის შექმნა იქნება.