მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ტანსაცმლის ქართული საწარმო "რკო" – "ჩვენს პროდუქციაზე ძალიან დიდი მოთხოვნა აზიიდან იყო"

61d984055fb2b
თათია კაკიაშვილი
08.01.22 21:00
2489
საბავშვო ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „რკო“ საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე მესამედ მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა 27 იანვარს გაიმართება. როგორც BM.GE-ს „რკოს“ თანადამფუძნებელმა თამუნა მესარიკიშვილმა უთხრა, სწორედ ამ გამოფენაზე გადაწყდება, დამატებით რომელ ქვეყნებში გავა ქართული ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე.

„სწორედ საფრანგეთის ამ გამოფენისთვის შევქმენით ახალი კოლექცია, რომელიც „რკოს“ სრულ ასორტიმენტთან ერთად იქნება წარდგენილი“, - განაცხადა თამუნა მესარიკიშვილმა.

ამ დროისთვის „რკოს“ საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია, იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა.

„ჩვენს კომპანიაში წარმოება ყოველწლიურად იზრდება და მასთან ერთად იზრდება იმ ქვეყნების სიაც, სადაც „რკოს“ ასორტიმენტი შეგვაქვს. 2021 წელს ძალიან დიდი მოთხოვნა აზიის ბაზრიდან იყო, აქამდე, ძირითადად, ევროპაში ვაგზავნიდით. ვფიქრობთ, პარიზის გამოფენაზე მონაწილეობის საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი საექსპორტო ბაზრები“, - განაცხადა თამუნა მესარიკიშვილმა.

ცნობისთვის, „რკო“ თაკო მეგრელიშვილმა, თამუნა და ნინო მესარიკიშვილებმა 2016 წელს დააარსეს. ამჟამად, კომპანია 80-მდე ქალს ასაქმებს. საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი „რკოს” პროდუქციის ექსპორტი ევროპასა და აზიაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ხორციელდება.