მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაზო ეფექტი - რატომ გაიზარდა აპრილში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.6%-ით

6295cb5abedb0
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.22 12:40
1010
დღეს გამოქვეყნდა აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. შედარებისთვის ეს მარტში არსებულ 10.6%-იან და თებერვალში არსებულ 14.6%-იან ზრდაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

BMG-ის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შენელება "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომ ეს საბაზო ეფექტით არის განპირობებული. 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 44.8% იყო, მასთან შედარებით 2022 წლის აპრილში მშპ-ის მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა.

“იანვარში 18%-იანი ზრდა იყო, თებერვალში 14.6%-იანი, მარტში კი 10.6%-იანი. აპრილში 2.6%-იანი ზრდა დაკავშირებულია წინა წელს არსებულ 44.8%-იან ზრდასთან და ამ საბაზო ეფექტთან. საბაზისო ეფექტმა რა თქმა უნდა გავლენა მოახდინა ამ ზრდაზე,”- განაცხადა თოდრაძემ.

ამ შენელების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ოპტიმიზმით უყურებს. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაიზარდა.

“მსოფლიო ბანკმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინის ომის გათვალისწინებით. ასევე სანქციების ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვების წყაროდან, ასევე მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან, თუმცა რაც ვიხილეთ, საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა. ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5.5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.