მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცალო გაყიდვებში 25%-50%-იანი კლება გვაქვს - Altersocks

5fb7882a3d13e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 19:03
1053
ქართულ კომპანია Altersocks-ს, რომელიც ბაზარზე 5 წლის წინ საქართველოში წარმოებული, განსხვავებული და ფერადი დიზაინის წინდებით გამოჩნდა, პანდემიამ ისინიც სხვა ბიზნესების მსგავსად დააზარალა. 

კომპანიის დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ზარალზე რიცხვებში დაზუსტებით ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საცალო გაყიდვები, სხვადასხვა პერიოდის მიხედვით 25%-დან 50%-მდე შეუმცირდათ.

„კორონავირუსის პანდემიამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, ფაქტობრივად სრულად გავჩერდით და კომპანია შემოსავლის გარეშე იყო. ზაფხულში ამოქმედების შემდეგ რამდენიმე თვე ზარალზე მოგვიწია მუშაობა, რადგან ხალხი ერიდებოდა სავაჭრო ცენტრებში სიარულს. ამასთან, ზაფხულში ჩვენს წინდებს ქართველები ნაკლებად ყიდულობენ, მაგრამ ტურისტების ხარჯზე ვინარჩუნებდით გაყიდვებს. ტურისტულ ადგილებში უცხოელები ალტერსოქს საჩუქრებად იძენენ და წინა წლებში, ზაფხულში გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამას ეკავა. წელს ესეც არ გვქონდა. ზოგადად, გაყიდვების კლების მიზეზებად შეგვიძლია დავასახელოთ შემოსავლების გარეშე დარჩენილი მომხმარებელი, საზოგადოებრივად აქტიურ ადგილებში შეკრების შიში, ამასთან ფერადი წინდა არ გახლავთ პირველადი მოხმარების პროდუქტი“, - განაცხადა რეზი ბესელაშვილმა.

„ალტერსოქსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამის პარალელურად პანდემიამ ონლაინ გაყიდვების მიმართულება გააქტიურა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე ონლაინ ვაჭრობა, შეიძლება ითქვას, რომ არ არის ისეთი განვითარებული, როგორც ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე, მაგრამ ეტაპობრივად, საკუთარი ძალებით თუ სხვადასხვა ვებ-გვერდების დახმარებით, ისეთი როგორიცაა Vendoo.ge, OnOff.ge, Extra.ge და ა.შ. ნელ-ნელა ონლაინ გაყიდვები გაიზარდა. ადრე თუ ონლაინ ვაჭრობაზე ჩვენი ჯამური გაყიდვების 1%-2% მოდიოდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ მთლიან გაყიდვებში 10%-15%-მდე უჭირავს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

რეზი ბესალაშვილი ამბობს, რომ კომპანია ზარალისა და სირთულეების მიუხედავად მუშაობას არ აჩერებს, ინარჩუნებს დასაქმებულებს, რომელთა რიცხვი 20-მდეა და არ ხურავს საქართველოში გახსნილ მაღაზიებს. უფრო მეტიც, პანდემიის მიერ საექსპორტო ბაზრების ათვისების შეფერხებას კომპანიამ თავისებურად უპასუხა და ახალი ბაზრებზე შესვლა ონლაინ გაყიდვების საშუალებით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ „ალტერსოქსმა“ საფრანგეთში გაყიდვების საკუთარი ვებგვერდი Altersocks.fr აამოქმედა.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პანდემიის გავლენით ექსპორტიც შემცირდა.

„პანდემიამდე ჩვენი გაყიდვების 30% ექსპორტზე მოდიოდა. ექსპორტი მარტის შემდეგ სექტემბრამდე ძალიან დაბალი იყო, ხოლო ოქტომბერ-ნოემბრიდან კვლავ გააქტიურდა. მათ შორის პოლონეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში“, - აღნიშნა ბესელაშვილმა.

„ალტერსოქსში“ პროგნოზებზე საუბარი უჭირთ, რადგან ესეც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს: „თუ არ ჩაგვკეტეს დეკემბერში გაყიდვების მოცულობა მატულობს ხოლმე... ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობთ, რომ პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას მომავალი წლის შემოდგომიდან დავიწყებთ“.