მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი ბრენდი იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ვგეგმავდით” - “ალტერსოქსი” 8 წლის გახდა

altersocks

ქართული თემატიკისა და განსხვავებული დიზაინის წინდების მწარმოებელი კომპანია “ალტერსოქსი” ადგილობრივ ბაზარზე ზუსტად 8 წლის წინ, 2016 წლის 29 მარტს გამოჩნდა და პირველი ფილიალი გახსნა. იუბილესთან დაკავშირებით ბრენდის თანადამფუძნებელი, რეზი ბესელაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“დღეს “ალტერსოქსი” 8 წლის გახდა (ნუ, ალტერსოქსი ცოტა უფრო ადრე გაჩნდა, მაგრამ პირველი სტენდის გახსნის დღიდან ვითვლით). ბოლო 8 წელი, ჩემი ცხოვრება არის თავგადასავალი, გამოცდილებების და ემოციების ზღვა, რომელიც ამ, ჩვენ შექმნილ ქართულ ბრენდთან ერთად გავიარეთ.

დღევანდელი დღესავით მახსოვს, როგორ გავხსენით ფილიალი, დავკიდეთ წინდები, დავსხედით იქვე კაფეში და ვუყურებდით რა მოხდებოდა. წინდები ცოცხალი თავით არ იყიდებოდა, მხოლოდ გამვლელების ალმაცერ მზერას იმსახურებდა. მე და ნინას ნელ-ნელა სახე გვეღუნებოდა და ვითვლიდი, თუ ჩავფლავდებოდით, გვეყოფოდა თუ არა ეს წინდები მთელი ცხოვრება.

8 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მიზანი, იქცეს ალტერსოქსი საერთაშორისო ბრენდად, ნელ-ნელა ხორციელდება, ამიტომ არ ვჩერდებით და სულ #წინდაწინ”, - წერს იგი.

კომპანიის 8 წელზე “ალტერსოქსის” დამფუძნებელი BM.GE-საც ესაუბრა. რეზი ბესელაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბრენდი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე კომპანია ამას მოელოდა.

“ბიზნესის დაწყება, ზოგადად, ძალიან რთულია. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ძალიან პატარა ბაზარია და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. მაგრამ დაწყებაზე უფრო რთული, ბიზნესის ზრდა და შენარჩუნების პროცესია. ჩვენი ბრენდი, იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. 2016 წლის 29 მარტს გავხსენით ფილიალი და ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი ფილიალი უნდა გაგვეხსნა, მაგრამ წლის ბოლოს 4 ფილიალი გვქონდა. რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ ჩვენი პროდუქცია მოთხოვნადი იქნებოდა, მაგრამ კომპანია ესე სწრაფად თუ გაიზრდებოდა, ნამდვილად არ გვეგონა”, - აღნიშნავს “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელი.

ბესელაშვილი განმარტავს, რომ დაფუძნებისთანავე კომპანიის პრიორიტეტი, საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდების შემდეგ, საზღვარგარეთ გასვლა და საერთაშორისო ბრენდის სტატუსის მოპოვება გახდა. “ალტერსოქსის” წინდები ამჟამად 10-მდე ქვეყანაში რეალიზდება.

“ამჟამად ალტერსოქსი 10-მდე უცხოურ ბაზარზე გაგვაქვს, იქნება ეს კორპორაციული შეკვეთები თუ მუდმივი პარტნიორები. მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, აშშ, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და ა.შ.

ზოგადად, წინდა ისეთი პროდუქტია, ყველა ქვეყანაში შეიძლება გავყიდოთ, მაგრამ, ჩვენი გამოცდილებით, კარგად მუშაობს ქვეყნები, რომლებსაც ბევრი ტურისტები სტუმრობენ, ან სადაც წლის განმავლობაში, შედარებით დაბალი ტემპერატურაა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი პარტნიორები შევიძინოთ და კონტაქტები დავამყაროთ”, - აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი.

კომპანიის პარტნიორებს შორის ავტომწარმოებელი Porsche-ც მოხვდა. როგორც ბესელაშვილი BMG-სთან განმარტავს, ორწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, შვეიცარიაში, Porsche-ს ცენტრში, საქართველოში მოქსოვილი წინდები ორჯერ გაიგზავნა.

“ბოლო 2 წელია, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, პორშეს ოფიციალურ ცენტრთან ვთანამშრომლობთ. შვეიცარიაში პირველად რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ რეგიონში არსებულ ძველ და ტრადიციულ ლუდსახარშთან BFM_თან დავიწყეთ თანამშრომლობა, შემდეგ, ბერნის რეგიონიდან ერთ-ერთ მეღვინეობასთან ერთად გავაკეთეთ კოლაბორაცია და ბოლოს, პორშეს ცენტრიდანაც მოგვწერეს. პირველი შეკვეთა რამდენიმე ასეული წყვილი იყო, პარტნიორები კმაყოფილები იყვნენ და შარშან, წლის ბოლოს, მეორე, უფრო დიდი შეკვეთაც გავამგზავრეთ. ოფიციალური ცენტრი, პორშეს მომხმარებლებს უგზავნის ჩვენს მოქსოვილ წინდებს საჩუქრად”, - განმარტავს “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელი.

ბესელაშვილი “ალტერსოქსის” წარმადობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმოება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მზად არის, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საწარმოს შესაძლებლობებიც გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები