საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება 4.1%-ით, 98-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა.
WTI Crude-ის ფასი თითქმის 5.4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ბარელზე 93 დოლარს შეადგენს; რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ი 77 დოლარად ივაჭრება.
ერთკვირიან ჭრილში ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო მკვეთრია, საშუალოდ ნავთობი 16%-ითაა გაძვირებული.
ენერგორესურსების ფასების ზრდა რამდენიმე ძირითად ფაქტორთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, მიმდინარე კვირას OPEC-მა ნავთობის მიწოდების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც პირდაპირ გავლენა იქონია ბირჟაზე, რაც მოთხოვნა-მიწოდების მარტივი ფაქტორებით აიხსნება.
მეორე საკითხი რუსეთ-უკრაინის ომს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გაძლიერებას უკავშირდება, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს აშშ-ის მთავრობის შეფასებები და პრეზიდენტო ჯო ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა, მსოფლიო „არმაგედონის“ წინაშე აღმოჩნდეს.
მესამე ფაქტორი აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გუშინ გასაჯაროებულ მონაცემებს უკავშირდება, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მცირდება - ახალი სამუშაო ადგილები სტაბილურად იქმნება. აღნიშნულ სიახლეს ინვესტორები ორგვარად იღებენ: პირველ რიგში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ გარდაუვალი რეცესიის საფრთხის წინაშე ჯერაც არ დგას, ანუ ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები ჯერაც ჯანსაღი და სტაბილურია. მეორე: სამუშაო ადგილების მატება იმის მაუწყებელია, რომ საწვავზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ნავთობის ფასზე.




























