მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - მიზეზები

636681c9f1fa2
გიორგი თოლორდავა
05.11.22 21:30
1076
ოქროს საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ძვირფასი ლითონის ფასი 3.15%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 1,680 დოლარს მიაღწია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების 400 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

გასულ 24 საათში უნცია ოქროს თითქმის 50 დოლარით გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთანაა დაკავშირებული. ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმუშევრობის დონე 3.5%-დან 3.7%-მდე გაიზარდა. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე აქტიურად სწორედ უმუშევრობისა და დასაქმების მონაცემებს აკვირდება.

დასაქმების ძლიერი ტენდენცია FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით აგრესიული ტემპით გაამკაცროს, უმუშევრობის დონის ზრდა კი - პირიქით, ის FED-ს აიძულებს, კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადაერთოს და რეფინანსირების განაკვეთი არა, მაგალითად, 75-100 საბაზრო პუნქტით, არამედ 25-50 პუნქტით გაზარდოს.

ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ სტრატეგიაზეა გადართული.

FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და ქვეყანა რეცესიის ნიშნებამდე არ მივა. ამ შემთხვევაში, უმუშევრობის დონის ზრდა სწორედ იმ ინდიკატორთაგანია, რომელიც FED-ს საკუთარი სტრატეგიის გადახედვას აიძულებს.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, უმუშევრობის დონის ზრდის სიახლეს ოქროს ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის FED-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, ამერიკულ დოლართან მიმართებით ოქროს გამყარებას შეუწყობს ხელს.