მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ექსპერტი: ჯანდაცვის უწყებების მიერ დაშვებული შეცდომები

6086899b51aa9
BM.GE
26.04.21 13:34
1140
ევროპის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას ონკოლოგიური დაავადებები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ შეიმუშავა “კიბოს დაძლევის გეგმა”, რომელიც კიბოს პრევენციასა და მკურნალობას ითვალისწინებს, პროექტის ბიუჯეტი კი 4 მილიარდ ევროს შეადგენს.

გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების პრევენციაა. ევროკომისიის მიზანია, 2040 წლისთვის ევროპის ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა 5%-მდე შეამციროს.

თუმცა, შემუშავებული სტრატეგიის არაეფექტიანობაზე საუბრობს ორგანიზაცია Action on Smoking and Health-ის ყოფილი დირექტორი კლაი ბეითსი. მისი განცხადებით, გეგმა არ ითვალისწინებს ზიანის შემცირების პოლიტიკას - მიდგომას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების შემცირების ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.

კლაივ ბეითსის განმარტებით, ტრადიციული სიგარეტები მაღალი რისკის შემცველია, უკვამლო მოწყობილობები - დაბალი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს სიგარეტის კვამლში არსებული 250 ტოქსიკური ნივთიერებიდან 69 იწვევს, უკვამლო მოწყობილობები კი ამ ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს. თუმცა, ევროკომისია მთავარ საფრთხედ არა თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კვამლს, არამედ თავად თამბაქოსა და ნიკოტინს მიიჩნევს.

“შეიძლება ითქვას, რომ “კიბოს დაძლევის გეგმა” იცავს ტრადიციული სიგარეტებით ვაჭრობის პრაქტიკას. შედეგად ევროპაში იქნება უფრო მეტი მწეველი და შესაბამისად, უფრო მეტი ონკოლოგიური დაავადება”, - განაცხადა კლაივ ბეითსმა.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია “ნიკოტინისგან თავისუფალი” საზოგადოების შექმნა, სწორედ ამიტომ, საჭიროა ზიანის შემცირების პოლიტიკის გატარება, რაც ზრდასრული მომხმარებლისთვის ნაკლები ზიანის მქონე მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს.

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტიანობაზე “შვედური გამოცდილებაც” მიუთითებს. შვედეთის ბაზარზე თამბაქოს უკვამლო პროდუქტის - SNUS-ის გამოჩენის შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 5%-მდე შემცირდა. დღეს კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი სწორედ შვედეთში ფიქსირდება.

“შვედური გამოცდილება” არის მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირებით შესაძლებელია ონკოლოგიურ დაავადებებთან გამკლავება”, - ამბობს კლაივ ბეითსი.

კლაივ ბეითსის განცხადებით, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს კიბოს დაავადებასთან ეფექტიანად გამკლავება, საჭიროა საკანონმდებლო ორგანოებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელებასა და მოწევის შედეგად განვითარებული ონკოლოგიური დაავადებების შემცირებას შეუწყობს ხელს.