მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟას ყურადღებას ნუ მიაქცევთ... TESLA მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია იქნება - მასკი

63ad4c9795ae2
გიორგი თოლორდავა
29.12.22 12:48
765
Tesla-ს აქციების რეკორდული გაუფასურების ფონზე, კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამშრომლებთან და აქციონერებთან წერილს აგზავნის, სადაც ის მათ მოუწოდებს, საფონდო ბირჟაზე განვითარებულ მოვლენებს ყურადღება არ მიაქციონ და გრძელვადიან პერსპექტივაზე კონცენტრირდნენ.

„საფონდო ბირჟაზე განვითარებულ სიგიჟეზე ნუ იდარდებთ, ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. აუცილებლად უნდა გააგრძელოთ შესანიშნავი შედეგების დემონსტრირება და კომპანიის გრძელვადიან განვითარებაზე კონცენტრირება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში Tesla მსოფლიოს უმსხვილესი, ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია იქნება“, - წერს ილონ მასკი.

ცნობისთვის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 353 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ის მე-17 ადგილს იკავებს. ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი Apple-ს აქვს, რომლის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

2022 წელი Tesla-სთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, ბირჟაზე კომპანიის აქციები 72%-ით დაეცა. უფრო კონკრეტულად, Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.23 ტრილიონიდან 340 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის გადადგომას და CEO-ს თანამდებობაზე ისეთი ადამიანის დანიშვნას მოითხოვს, რომლის სრული ფოკუსი მხოლოდ Tesla-ზე იქნება მიმართული და ის მთელ დროს სწორედ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას დაუთმობს.

Twitter-ის შეძენის შემდეგ, მასკი უმეტეს დროსა და ენერგიას სოციალურ ქსელს უთმობს და არა Tesla-ს, რასაც, ბუნებრივია, ინვესტორები ნეგატიურად იღებენ. გარდა ამისა, Twitter-ის გამო მასკი სულ უფრო მეტ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა, მათ შორის, ევროკავშირი მას სანქციების დაწესებითაც კი ემუქრება, რასაც Tesla-ს რეპუტაციაზეც ნეგატიურ გავლენა აქვს.

ზოგადად, Tesla-ს არასახარბიელო შედეგები რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდა და საფონდო ბირჟების ვარდნაა, რამაც უმსხვილესი კომპანიების აქციების შემცირება გამოიწვია, თუმცა არა ისე მკვეთრად, როგორც Tesla-სი.

თავად კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, კერძოდ, ერთ წელში FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 0%-იანი ნიშნულიდან თითქმის 4%-მდე გაზარდა, რაც ინვესტორებს უბიძგებს, საინვესტიციო პორტფელში სარისკო პოზიციები შეამცირონ, პოტენციურ კლიენტებს კი - ახალი შენაძენისგან და დამატებითი საბანკო ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავონ. ორივე გარემოება, ბუნებრივია, Tesla-ს აქციებზე ნეგატიურად აისახება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პრობლემის წინაშე არა მარტო Tesla, არამედ მსოფლიოს ყველა სხვა კომპანიაც დგას, მიუხედავად ინდუსტრიისა და საქმიანობის პროფილისა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე 65%-იანი წილით ისევ Tesla დომინირებს, თუმცა ის დროთა განმავლობაში პოზიციას კარგავს, რადგან, შედარებისთვის, 2020 წელს ილონ მასკის კომპანია ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მისი წილი შემცირდება და სხვა კომპანიების მის ჩანაცვლებას შეძლებენ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.