მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა

63d22be8cb9f3
გიორგი თოლორდავა
26.01.23 13:07
2000
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს შემოსავლები 2022 წლის IV კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 24.3 მილიარდი დოლარის შემოსავლების გენერირება შეძლო, აქედან $21.3 მილიარდი კი პირდაპირ ელექტრომობილების გაყიდვებიდან იყო მიღებული.

IV კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი თითქმის 200 მილიონი დოლარით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს და 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგზე.

შემოსავლების ზრდის მიუხედავად, შემცირებულია ელექტრომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების მარჟა, რომელიც 26%-ის ფარგლებშია. ეს უკანასკნელი ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს უკვე სხვა მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიებიც სათანადო კონკურენციას უწევენ. ანალიტიკოსების შეფასებით, დროსთან ერთად მოგების მარჟა კიდევ უფრო მეტად შემცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აშშ-ის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებიც შევლენ.

სხვათა შორის, ჩინეთი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მასკის განცხადებით, ჩინური კომპანიები ყველაზე გულმოდგინედ მუშაობენ და Tesla-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ აზიური კომპანიები წარმოადგენენ და არც ამერიკული თუ ევროპული ანალოგები.

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების გარდა, Tesla ნევადას შტატში ახალი ქარხნების მშენებლობასაც აანონსებს, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა კი 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ზემოხსენებული პოზიტიური სიახლეები ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს - ბირჟის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 8%-ითაა გაზრდილი.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები