11.ოქტომბერი .2022 14:43

საგარეჯოში ახალი თიზ-ი იქმნება - მთავრობის დადგენილება

საგარეჯოში ახალი თიზ-ი იქმნება - მთავრობის დადგენილება
views 501
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საგარეჯოში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაა გათვალისწინებული. თიზ-ის პროექტს შპს “ასი გრუპ ჯორჯია” განახორციელებს, რომელიც იორდანიელი ბიზნესმენის, ოსამა ალ შანტის მიერ არის დაფუძნებული.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №55.02.51.063.618 და №55.02.51.063.619) შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − საგარეჯოს თიზ), 50 წლის ვადით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ამავე დადგენილებით, “ასი გრუპ ჯორჯიას” დაუწესდა ვალდებულება, რომ 2022 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სახელმწიფოსთან გააფორმოს შეთანხმება თიზ-ის მართვა-ოპერირების ურთიერთვალდებულებების შესახებ.

“ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების დეტალური გეგმა,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

თავად “ასი გრუპ ჯორჯია” დაკავშირებულია კომპანია "ასი გრუპ ჰოტელსთან", რომელმაც აგვისტოში სანატორიუმი "მედეა" შეიძინა. 

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ACE Group-ი ძირითადად ქიმიური მრეწველობით არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია რა პროექტის განვითარებას გეგმავს კომპანია საგარეჯოს თიზ-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა