მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჯარო შესყიდვების“ კანონპროექტით „შავის სიის“ წარმოება იცვლება

63a05558c4258
ელენე გოგბერაშვილი
19.12.22 22:50
707
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში 2025 წლიდან საქართველომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებს ეტაპობრივად უნდა დაუახლოოს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტი, პარლამეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ახლა დოკუმენტი საკომიტეტო, მუხლობრივ განხილვებს გადის, რომლის შემდეგადაც ის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გავა.

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის, როგორც ამჟამად მოქმედი შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, ისე შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის ახლებურად რეგულირდება შავი სიის წარმოება.

შავი სია, ეს არის იგივე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, წარმოდგენილ კანონპროექტში შავი სიის წარმოებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა შენიშვნა, ერთი გამონაკლისის გარდა გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც ლევან რაზმაძე ამბობს, მას შემდეგ რაც სფეროს მარეგულირებელი ახალი დოკუმენტი შევა ძალაში, შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს მისი დროზე ადრე დატოვების შესაძლებლობა ექნებათ.

„ერთი შენიშვნა არ გავითვალისწინეთ, რომელიც ჩვენს სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემების გაგვეთვალისწინებას ეხებოდა, რაც ზოგადად დირექტივას ეწინააღმდეგებოდა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს თვითონ აქვთ შავი სია და ამაზე წვდომა მათ, ვინც მათთან ურთიერთობს, შეუძლიათ. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები მოხდება და კომპანია გადააფასებს მენეჯმენტის, თავისი თანამშრომლების იმ შეცდომებს, რის გამოც მოუწიათ შავ სიაში შესვლა და მოგვმართავს, განხილვას ექვემდებარება, რომ ის შავი სიიდან ამოღებულ იქნას“,- განმარტავს ლევან რაზმაძე.

რაც შეეხება შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების წარმომადგენლების მიერ სხვა კომპანიების დაფუძნებას, რა პრაქტიკასაც დღეს აქვს ადგილი, ახალი კანონმდებლობა მსგავსი შემთხვევების მაქსიმალურ კონტროლს ითვალისწინებს.

„ეს გახლავთ ჩვენი ევროპელი კოლეგების რჩევაც და დირექტივისაც და ამაზე ჩვენი თანხმობაც იყო, რომ კომპანიის დამფუძნებელი ვეღარ წავა და მეორე კომპანიას ვეღარ დააფუძნებს. თუმცა ეს საკითხი დღესაც დარეგულირებულია იმ მხრივ, რომ თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს გამოცდილებას, ახალი კომპანია თავისთავად ვერ მიიღებს შესყიდვაში მონაწილეობას, თუმცა არის ტენდერები, როცა ახალდაფუძნებულ კომპანიებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა, რადგან შეიძლება იყოს ისეთი საქონელი ჩამოსატანი, რომელიც დიდ და განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს, აქედან გამომდინარე ყოველი ახალი კომპანიის შემოსვლა ტენდერში ზრდის კონკურენციას“,- განმარტავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი.