მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ₾7-მილიონიანი კონტრაქტი შავ სიაში მყოფ კომპანიას გაუფორმა

რეაბილიტაცია

თბილისის განვითარების ფონდმა ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ერთ-ერთი ლოტის ფარგლებში 7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი 8 აპრილს გააფორმა შპს "იუკონი და კომპანიასთან". თუმცა, 2026 წლის 3 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით აღნიშნული კომპანია შესყიდვების სისტემის შავ სიაში შეიყვანეს, რაც უკავშირდებოდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ 2025 წლის ნოემბერში გაფორმებულ მცირე ღირებულების - 590 ლარის სამუშაოებთან დაკავშირებულ კონტრაქტს. როგორც გადაწყვეტილებაში არის მითითებული, შპს "იუკონი და კომპანიამ" სოფელ არადეთში წმინდა საბას ეკლესიის სამხრეთ ფასადზე არსებული ქვის გამაგრება მოახდინა იმ ნივთიერების გამოყენებით, რომელიც ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული.

"შემსყიდველი ორგანიზაციის 2026 წლის 29 იანვრის № 19/318 წერილის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მიხედვით გათვალისწინებულ პირობებს და შესრულებული სამუშაოს მეთოდოლოგია არსებითად ეწინააღმდეგებოდა მას, ასევე, უკვე შესრულებული სამუშაო არ ექვემდებარებოდა გამოსწორებას. ამავე წერილით შემსყიდველმა ორგანიზაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის განვითარების ფონდისთვის ინგოროყვას ნომერ 7-სა და 12-ში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია უნდა ჩაატაროს. ხელშეკრულების ღირებულება 7,026,425 ლარს შეადგენს და მის ფარგლებში სამუშაოები 18 თვის ვადაში უნდა შესრულდეს.

ტენდერში გამარჯვებულად "იუკონი და კომპანია" 27 მარტს გამოვლინდა, ხოლო კონტრაქტის გაფორმება 8 აპრილს მოხდა, იქამდე კი 3 აპრილს კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. ტენდერში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ მიიღო, წარდგენილი წინადადებების თანახმად, სამუშაოს შესრულება მერიას ყველაზე იაფად - 7 მილიონ ლარად სწორედ "იუკონი და კომპანიამ" შესთავაზა, მისმა კონკურენტმა შპს "მარდიმ" კი 1.3 მილიონი ლარით უფრო ძვირი შეთავაზება წარუდგინა თბილისის განვითარების ფონდს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, იუკონი და კომპანია 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-ის წილი მაყვალა აბულაძეს ეკუთვნის.

BMG-იმ მერიას მიმართა კითხვით - ექვემდებარება თუ არა მათ მიერ კონტრაქტის გაფორმება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგანაც სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის ბრძანების თანახმად - "შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება." მერიიდან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება ინგოროყვას და ლეონიძის ქუჩების რეაბილიტაციის სხვა ლოტებს, ისინი ასე ნაწილდება:

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 7,026,425 ლარი, კომპანია "იუკონი და კომპანია".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N18 და პავლე ინგოროყვას N20-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,428,941 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 17,657,796 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N3 და პავლე ინგოროყვას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,377,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,077,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 14,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 11,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".

ამასთან, ხელახლა გამოცხადდა ტენდერი ლოტზე:

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, პავლე ინგოროყვას N2/გ. ლეონიძის N11 და პავლე ინგოროყვას N4-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 18,620,066 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები