მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკარანტინე სასტუმროების და საავადმყოფოების დაქირავებაზე 200 მლნ ლარი დაიხარჯა - IDFI

5fd0bd92e1b1d
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 16:04
1351
საქართველოს მთავრობამ covid-19-ის პანდემიის პერიოდში გამარტივებული წესით 200 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო რესურსი დახარჯა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებასა და საწოლფონდის მობილიზებაზე. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამ ხარჯების ეფექტიანობას შეეხება.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უშუალოდ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კარანტინის ზონებზე 73მილიონი ლარის ხარჯი გასწია, ხოლო ამ ხარჯების სისტემატიზაციისთვის მთავრობამ დადგენილება მხოლოდ 4 მაისს მიიღო, რის საფუძველზეც სასტუმროებს კარანტინის ზონაში ერთი დღით ნომრის დაქირავებისთვის მაქსიმალურ ღირებულებად 100 ლარი განესაზღვრათ. დადგენილების შემდგომ ადმინისტრაციას ერთ-ერთ სასტუმროში მომსახურების შესყიდვა 1.1 მილიონი ლარით იაფი დაუჯდა, ვიდრე დადგენილებამდე, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამის საწყის ეტაპზე მისი ხარჯეფექტიანობა დაბალი იყო.

IDFI-ს ანგარიშში საუბარია კლინიკებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც, რომელთა მოცულობაც 98 მილიონ ლარამდეა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ შესყიდვების მონიტორინგი საკმაოდ რთულია, რადგანაც მათ შესახებ საკმარისი რაოდენობით საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

IDFI-ის დასკვნები ასეთია:

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.

- კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

- საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში მოპოვების შესაძლებლობა.

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში Covid-19-თან დაკავშირებული დოკუმენტები CMR და SMP მოდულებში ხშირ შემთხვევაში არასისტემურადაა განთავსებული, რაც დამუშავებად ფორმატში არარსებული მონაცემების ფონზე, კიდევ უფრო ართულებს ამ კატეგორიის შესყიდვების მონიტორინგს.