მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკითხი დგას მარტივად“ - როგორც ხსნის თურნავა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უარს

612df50cefb3b
თელარა გელანტია
31.08.21 13:21
1353
საქართველოს მთავრობა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. აღნიშნული დღეს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. საუბარია, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც სულ 150 მილიონი ევროს მოცულობისაა და საიდანაც პირველი ნახევარი ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მეორე ნახევრის ჩარიცხვას კი საქართველოს მხრიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროებოდა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება არ აქვს. იგივე გაიმეორა დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმაც. ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ „საკითხი დგას მარტივად“.

„ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა.

ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი და შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი. ეს არის მოცემულობა“, - თქვა ნათია თურნავამ.