მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება“ - რას ცვლის ეს გადამზიდავებისთვის?

64133212403ea
ალა ისპირიანი
16.03.23 19:37
3501
საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება. ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ინდექსის ვარდნა მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას, ჩინეთში საწარმოო პროცესის აღდგენასა და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დასტაბილურებასთან არის დაკავშირებული. სწორედ პანდემიის დროს, მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მოხდა ტვირთის გადაზიდვის ხარჯების რეკორდულად 11 000 დოლარამდე გაზრდა.

COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა გივი ჩაჩანიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, რას ცვლის საკონტეინერო გადაზიდვების გაიაფება გადამზიდავებისთვის.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი სიგნალი შეიძლება იყოს.

„როდესაც ფასები ზემოთ იწევს, საბოლოო კომპანიები ყოველთვის ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ, რომ საქონელი უფრო იაფად იყიდონ და გადაზიდვაში ფასი დაზოგონ. მაშინ როდესაც საკონტეინერო გადაზიდვებში ჩვენი მთავარი პარტნიორი ჩინეთია ფასების დაბლა დაწევა გადამზიდავებისთვის პოზიტიური სიგნალია, თუმცა ფასები ასევე ყოველთვის დაბლა მოდის, მაშინაც როდესაც მოთხოვნა მცირდება შესაბამისად ეს ერთი მხრივ წახალისებაა საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომ მეტი ყურადღება ისევ ჩინეთზე დააბრუნონ, თუმცა მეორეს მხრივ, როცა ფასების დინამიკა დაბლა მოდის ეს ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ტვირთბრუნვაც მცირდება“, - განაცხადა COSCO Shipping-ის კომერციულმა დირექტორმა.

გივი ჩაჩანიძემ ასევე თქვა, რომ ფასების კიდევ უფრო დაბლა დაწევას არ ელიან.