მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ფასების ზრდა და მონეტარული პოლიტიკა (ივლისი)

62f5930b24a39
ეგნატე შამუგია
12.08.22 09:00
3962
გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. შედეგად, რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. ფასების ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო შედარებით დაბალი ზრდა სომხეთშია. გარდა სომხეთის, სამეზობლოს სხვა ქვეყნებში ინფლაცია ორნიშნა იყო, მაგრამ უკვე ივნისში სომხეთიც სხვა ქვეყნების რიგს შეუერთდა. თუმცა, ასეთი მხოლოდ ივნისი აღმოჩნდა, რადგან ივლისში ინფლაციის ტემპი კვლავ ერთნიშნაა. ამ უკანასკნელში მდგომარეობა თებერვალში შედარებით გაუმჯობესებული იყო, რადგან ზედიზედ სამი თვე ინფლაცია მცირდებოდა, მაგრამ მარტიდან ინფლაციის დინამიკა შედარებით მაღალია.
 
რეგიონის ქვეყნებში მაღალ ინფლაციას ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ შოკებზე - ადრეულ პერიოდში პანდემიას და ახლა უკვე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირებს. მათ რიგებშია თურქეთის ცენტრალური ბანკის, რომელიც არაორდინალურ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს და ხსენებულ შოკებამდე მაღალი ინფლაციით გამოირჩევა.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 11.5% შეადგინა, რაც ივნისში 12.8% იყო, ხოლო მაისში - 13.3%. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. მარტამდე, საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ აპრილიდან მდგომარეობა შეიცვალა. რუსეთსა და აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა უფრო მაღალია.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტს იყენებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა. განაკვეთის მორგი ზრდა აგვისტოში, 10.0%-მდე იყო, მაგრამ შემოდგომის პერიოდში დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპის მიუხედავად ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა, ხოლო ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა. მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთი 30 მარტს გამართული სხდომის შემდეგ, 11.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნული შემდეგ სამი მონეტარული გადაწყვეტილება იყო (მაისი, ივნისი და ივლისი), სადაც პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა.

თურქეთში ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელის მძიმე პრობლემაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 15.5% იყო, რაც უკვე 2020 წელს 12.3%-მდე შემცირდა. თუმცა, გასული წლიდან ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის რეკორდისკენ დაიძრა. 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 19.4% იყო. მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 54.4% შეადგინა, რაც მარტში 61.2% იყო. აპრილში ინფლაციამ 70.0%-ს მიაღწია. მაისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა ბოლო ათწლეულების რეკორდული ნიშნულზე, 73.5%-ზე იყო, რამაც ივნისში კიდევ უფრო მეტს, 78.6%-ს მაღწია. ივლისში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 79.6% შეადგინა. ამდენად, თურქეთში ინფლაცია კვლავ მზარდია.

მაღალი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 19.0%-დან დაიწყო. ჯერ კიდევ ნაჯიმ აგბალის მმართველობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი 17.0%-დან გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელის შაჰაპ კავჩიოღლუთი ჩანაცვლების მიზეზი გახდა. ეს უკანასკნელი მანამდე პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციის მედიით მხარდაჭერით იყო. მოგვიანებით, როცა ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის პირობებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, ამან კიდევ ორი ვიცე-მმართველი შეიწირა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. ამ დროისთვის თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 21 ივლისს გაიმართა, სადაც წინა ექვსი სხდომის მსგავსად, პოლიტიკის განაკვეთი 14.0%-იანი ნიშნულით, უცვლელი დარჩა. აღნიშნულს კი გასული წლის ბოლოს ზედიზედ სამჯერ მონეტარული განაკვეთის მკვეთრი შემცირება უძღოდა.

2021 წლის პირველი ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონიდან გამორჩეული იყო, რადგან ამ პერიოდში დაბალი ინფლაციით ხასიათდებოდა. თუმცა, უკვე წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა ორნიშნა მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრიდან ინფლაცია ორნიშნა და მზარდი იყო. თებერვალში წლიური ინფლაცია შემცირებული, 11.9%-ს შეადგენდა, მაგრამ მარტში აღნიშნული 12.1%-მდე გაიზარდა. აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 13.0% შეადგინა, რამაც მაისში 13.7% შეადგინა. ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა უფრო მაღალ ნიშნულზე, 14.2%-ზე დაფიქსირდა. თუმცა, ივლისში ინფლაციის დონე შემცირებულია, რადგან სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 13.7% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი სებ-ის მსგავსად „საგარეო ფაქტორებს“ უკავშირდებოდა. თუმცა, სექტემბრიდან აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთს 7.75%-მდე გაიზარდა. 29 აპრილს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვეს, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან თანდათანობით დაახლოებას ვარაუდობს. ბანკის მენეჯერთა საბჭოს ბოლო სხდომა 17 ივნისს გაიმართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ უცვლელი დარჩა.

პანდემიამდე პერიოდში სომხეთი დაბალი ინფლაციით და ხშირ შემთხვევაში დეფლაციით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 2020 წელსაც სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო, რაც უკვე 2021 წელს საშუალოდ 7.2%-ს შეადგენდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპმა შემცირება ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, რაც უკვე იანვარში 7.1%-ს შეადგენდა. თებერვალში სომხეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტით, 6.5%-მდე იყო შემცირებული, მაგრამ მარტში აღნიშნულმა 7.4% შეადგინა. აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 8.4% იყო, ხოლო მაისში ინფლაციამ 9.0% შეადგინა. უკვე ივნისში ფასების დონის წლიური ზრდა ორნიშნა, 10.3% გახდა. ივლისში ინფლაციის ტემპი სომხეთშიც შემცირდა, რადგან აღნიშნული 9.3%-ია. სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა შედარებით დაბალია, ვიდრე სამეზობლოს სხვა ქვეყნებში.

სომხეთში შედარებით დაბალი ინფლაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია. ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც უკვე 2021 წლიდან ინტენსიურად იზრდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 01 თებერვალს 8.0%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე 15 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი განუსაზღვრელობის და ინფლაციური მოლოდინების გამო, 9.25%-მდე. ბოლო, 02 აგვისტოს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული რეფინანსირების განაკვეთი 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წელის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან მატულობს, რამაც მიმდინარე წლის თებერვალში 9.2% შეადგინა, ხოლო მარტში ინფლაციამ 16.7%-ს მიაღწია. აპრილში კი ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად გაზრდილი, 17.8% იყო, რაც მაისში 17.1%-მდე შემცირდა. ინფლაციის ტემპის შემცირება მომდევო თვეებშიც გაგრძელდა. ივნისში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 15.9% იყო, რაც ივლისში კიდევ უფრო ნაკლები, 15.1%-ია. ამდენად, უკვე მესამე თვეა რუსეთში ინფლაცია იკლებს, მაგრამ ის თურქეთის შემდეგ, სამეზობლოდან, კვლავ ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება გასული წლის აპრილიდან დაიწო, რაც ფასების ზრდის ტემპის შენელებაში არ ასახულა. ბანკის დირექტორთა საბჭოს დეკემბრის და იანვრის სხდომებზე მონეტარული განაკვეთი 1.0 – 1.0 პ.პ.-ებით, 9.5%-მდე გაზარდეს. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის საფინანსო სექტორზე და მათ შორის, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გამო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს პოლიტიკის განაკვეთი 20.0%-მდე გაიზარდა, რაც უკვე 08 აპრილს მოულოდნელად 17.0%-მდე შეამცირა. მალევე ეს მაჩვენებელი 14.0%-მდე შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის ბოლო სამი გადაწყვეტილება 27 მაისს, 10 ივნისს და 25 ივლისს გაიმართა. პირველ შემთხვევაში პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე შემცირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ომამდე პერიოდის ნიშნულს, 9.5%-ს დაუბრუნდა. რაც შეეხება ბოლო გადაწყვეტილებას, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე შეამცირა.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა, თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედარებით ადრე დაიწყო სომხეთმა, სადაც ინფლაცია სამეზობლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულს იკავებს.

მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთის მაღალი ნიშნული შეინარჩუნა სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა. ხოლო, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი დაბალ ნიშნულზე, უცვლელად ნარჩუნდება. სამეზობლოს ცენტრალური ბანკების ბოლო გადაწყვეტილებების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთში უცვლელი დარჩა, ხოლო რუსეთში მკვეთრად შემსუბუქდა. რაც შეხება სომხეთს, აქ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა.

ივლისში სამეზობლოს ეკონომიკებიდან, გარდა თურქეთისა, ინფლაციის ტემპი შემცირდა. სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდის ტემპი რუსეთში უკვე მესამე თვეა მცირდება, ხოლო საქართველოში მეორე თვე. ივლისში წლიური ინფლაცია სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირებული. თუმცა, თურქეთში განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან 2021 წლიდან მოყოლებული ინფლაციის ტემპი ზედიზედ ყოველ თვე მზარდია.