მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას? - შალვა მხატრიშვილის განმარტება

6424750710978
ალა ისპირიანი
29.03.23 22:55
841
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს უცვლელად 11%-ზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მათ, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთზე აქვს მიბმული, კრედიტის ღირებულება უცვლელად შეუნარჩუნდება. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა ისაუბრა. კითხვაზე, - ინფლაცია მცირდება, მაგრამ მონეტარული პოლიტიკა ისევ მკაცრია - რატომ ფრთხილობს სებ-ი? - მან უპასუხა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დარწმუნდება, რომ ინფლაცია განგრძობითად - არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებიდან გამოწვეული შემცირების ფონზე არამედ, ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ხარჯზეც შემცირდება.

„შეიძლება წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყოს, მაგრამ არსებობს რისკებიც. არსებობს საბაზო პროგნოზი, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის და მას თავის რისკებიც აქვს, რადგან თუ ინფლაცია ისევე სწრაფად არ შემცირდა, როგორც საბაზო სცენარით მოველით, ამ შემთხვევაში ხარჯი შეიძლება მეტი იყოს იმის ფონზე, რომ ინფლაცია უკვე დიდი ხანია გაზრდილია და მიზნობრივზე მაღალია - ეს რისკებს ქმნის, ინფლაციის მოლოდინები გაიზარდოს, რაც შეიძლება ხელფასების ზრდის ტემპს იმაზე სწრაფად გადაეცეს, ვიდრე პროდუქტიულობა იზრდება, - ამან შეიძლება ისევ ინფლაცია დააჩქაროს.

ამის რისკი რადგან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამას საბაზო სცენარში არ მოველით ეროვნულ ბანკს ურჩევნია ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნოს და დავრწმუნდეთ, რომ ინფლაცია განგრძობითად მცირდება - არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებიდან გამოწვეული შემცირების ფონზე არამედ, ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ხარჯზეც“, - განაცხადა მან.

სებ-ის ცნობით, თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1%-მდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6%-მდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია, კვლავ მაღალია.

მათივე ცნობით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკებიდან საყურადღებოა შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8 პროცენტით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები