მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ფასების ზრდა და მონეტარული პოლიტიკა (მაისი)

62a48865770f2
ეგნატე შამუგია
11.06.22 16:55
4435
გასული წლის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. რეგიონში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს იკავებს და მზარდია. განსაკუთრებით ზრდის მაღალი ტემპით თურქეთი გამოირჩევა, ხოლო ფასების შედარებით დაბალი ზრდა სომხეთშია. გარდა სომხეთისა, სამეზობლოს სხვა ქვეყნებში ინფლაცია ორნიშნაა. ამ უკანასკნელში მდგომარეობა თებერვალში შედარებით გაუმჯობესებული იყო, რადგან ზედიზედ სამი თვე ინფლაცია მცირდებოდა, მაგრამ მარტიდან ინფლაციის დინამიკა უფრო მაღალია. აღნიშნულზე სამეზობლოს ქვეყნების ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ შოკებზე - ადრეულ პერიოდში პანდემიას და ახლა უკვე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირებს.
 
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

საქართველოში მიმდინარე წლის მაისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 13.3% შეადგინა, რაც აპრილში 12.8% იყო, ხოლო მარტში - 11.8%. 2021 წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო 2019 წლის მარტიდან სამიზნე, 3.0%-იან ნიშნულს აჭარბებს. აქამდე ორნიშნა ინფლაცია 2011 წელს იყო, როცა ფასების ზრდა 14.5%-ს აღწევდა. მარტამდე, საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ აპრილიდან მდგომარეობა შეიცვალა.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტს იყენებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა. განაკვეთის მორიგი ზრდა აგვისტოში, 10.0%-მდე იყო, მაგრამ შემოდგომის პერიოდში დაკრედიტების ზრდის მაღალი ტემპის მიუხედავად ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა, ხოლო ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა. მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთი ზრდა 30 მარტს გამართული სხდომით დაიწყო, როცა რეფინანსირების განაკვეთი 11.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნული შემდეგ ერთი მონეტარული გადაწყვეტილება იყო, სადაც პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა.

თურქეთში ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელის მძიმე პრობლემაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 15.5% იყო, რაც უკვე 2020 წელს 12.3%-მდე შემცირდა. თუმცა, გასული წლიდან ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის რეკორდისკენ დაიძრა. 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 19.4% იყო. მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 54.4% შეადგინა, რაც მარტში 61.2% იყო. აპრილში ინფლაციამ 70.0%-ს მიაღწია. მაისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა ბოლო ათწლეულების რეკორდული ნიშნული, 73.5%-ია.

თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 19.0%-დან დაიწყო. ჯერ კიდევ ნაჯიმ აგბალის მმართველობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი 17.0%-დან გაიზარდა, რაც ამ უკანასკნელის შაჰაპ კავჩიოღლუთი ჩანაცვლების მიზეზი გახდა, რომელიც მანამდე პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციის მედიით მხარდაჭერით იყო გამორჩეული. მოგვიანებით, როცა ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის პირობებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყო, ამან კიდევ ორი ვიცე-მმართველი შეიწირა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. ამ დროისთვის თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 26 მაისს გაიმართა, სადაც წინა ოთხი სხდომის მსგავსად, პოლიტიკის განაკვეთი 14.0%-იანი ნიშნულით, უცვლელი დარჩა. აღნიშნულს კი გასული წლის ბოლოს ზედიზედ სამჯერ მონეტარული განაკვეთის მკვეთრი შემცირება უძღოდა.

2021 წლის პირველი ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონიდან გამორჩეული იყო, რადგან ამ პერიოდში დაბალი ინფლაციით ხასიათდებოდა, თუმცა უკვე წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა ორნიშნა მაჩვენებელი გახდა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრიდან ინფლაცია ორნიშნა და მზარდი იყო. თებერვალში წლიური ინფლაცია შემცირებული, 11.9%-ს შეადგენდა, მაგრამ მარტში აღნიშნული 12.1%-მდე გაიზარდა. აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 13.0% შეადგინა, რაც მაისში კიდევ უფრო მეტი, 13.7%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი სების მსგავსად, ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს „საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა, თუმცა სექტემბრიდან აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთს 7.75%-მდე გაიზარდა. 29 აპრილს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვეს, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან თანდათანობით დაახლოებას ვარაუდობს.

პანდემიამდე პერიოდში სომხეთი დაბალი ინფლაციით და ხშირ შემთხვევაში დეფლაციით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ 2020 წელსაც სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო, რაც უკვე 2021 წელს საშუალოდ 7.2%-ს შეადგენდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპმა შემცირება ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, რაც უკვე იანვარში 7.1%-ს შეადგენდა. თებერვალში სომხეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტით, 6.5%-მდე იყო შემცირებული, მაგრამ მარტში აღნიშნულმა 7.4% შეადგინა. აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 8.4% იყო, ხოლო მაისში ინფლაციამ 9.0% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს ინფლაციის დონე გაზრდილია, სამეზობლოში ის კვლავ ყველაზე დაბალ ნიშნულად რჩება.

სომხეთში შედარებით დაბალი ინფლაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია. ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც უკვე 2021 წლიდან ინტენსიურად იზრდებოდა. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 01 თებერვალს 8.0%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე 15 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი განუსაზღვრელობის და ინფლაციური მოლოდინების გამო, 9.25%-მდე. ბოლო, 03 მაისს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. ამ დროისთვის არსებული რეფინანსირების განაკვეთი 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. გასული წელის მარტში, როცა სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან მატულობს, რამაც მიმდინარე წლის თებერვალში 9.2% შეადგინა, ხოლო მარტში ინფლაციამ 16.7%-ს მიაღწია. აპრილში კი ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად გაზრდილი, 17.8% იყო, რაც მაისში 17.1%-მდეა შემცირებული. შესაბამისად, თურქეთის შემდეგ სამეზობლოდან ყველაზე მაღალი ინფლაცია რუსეთშია.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება გასული წლის აპრილიდან დაიწო, რაც ფასების ზრდის ტემპის შენელებაში არ ასახულა. ბანკის დირექტორთა საბჭოს დეკემბრისა და იანვრის სხდომებზე მონეტარული განაკვეთი 1.0 – 1.0 პ.პ.-ებით, 9.5%-მდე გაზარდეს. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საფინანსო სექტორზე და მათ შორის, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციების გამო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს პოლიტიკის განაკვეთი 20.0%-მდე გაიზარდა, რაც უკვე 08 აპრილს მოულოდნელად 17.0%-მდე შეამცირა. მალევე ეს მაჩვენებელი 14.0%-მდე შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის ბოლო ორი გადაწყვეტილება 27 მაისს და 10 ივნისს გაიმართა. პირველ შემთხვევაში პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე შემცირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ომამდე პერიოდის ნიშნულს, 9.5%-ს დაუბრუნდა.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

ამდენად, გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონის ყველა ქვეყნის სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა თურქეთსა და საქართველოში ინფლაციის მზარდი ტემპი უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირდება. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედარებით ადრე დაიწყო სომხეთმა, სადაც ინფლაცია სამეზობლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულს იკავებს. მიმდინარე წელს პოლიტიკის განაკვეთის მაღალი ნიშნული შეინარჩუნა სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა. ხოლო, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი დაბალ ნიშნულზე, უცვლელად ნარჩუნდება.

მაისში სამეზობლოდან ეკონომიკებიდან, რუსეთის გარდა, სხვა შემთხვევაში ინფლაციის დონე გაზრდილია. ასეთი ზრდა თურქეთის შემთხვევაში 3.5 პროცენტული პუნქტია, ხოლო რუსეთში 0.7 პროცენტული პუნქტით კლებაა. საქართველოში წლიურ ინფლაციის დონე აპრილთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია. ამ პერიოდში, ეს მაჩვენებელი სომხეთში 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია.