„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიღებაც კენჭისყრიდან 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ჩაიხსნა, კვლავ პარლამენტის დღის წესრიგს უბრუნდება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში შესვლა შეეძლება.
“კანონპროექტის თანახმად რეგულირების სააგენტოს ეძლევა მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. მსგავსი პრეცედენტი არსებობს შრომის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ასევე, მთელი რიგი სხვა უწყებები აღჭურვილები არიან ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება პაციენტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს”,-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღებაც, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში საკმაოდ ხმაურიანი განხილვების გამო 2020 წელს შეჩერდა. კერძო სექტორის კრიტიკული პოზიციის გამო მაშინ კანონპროექტში ამოიღეს მუხლი, რომელიც მარეგულირებელს სასამართლოს ნებართვის გარეშე აძლევდა უფლებამოსილებას შეემოწმებინა სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები. მაშინ სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც, თუმცა იმ რედაქციით კანონპროექტის კენჭისყრა და შესაბამისად დამტკიცება ვერ მოხდა. კენჭისყრის გადავადების მიზეზად მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დამატებითი კონსულტაციების საჭიროება დაასახელა. დიდი ალბათობით, სამინისტროსთვის მიუღებელი იყო ის ცვლილებები, რომელიც საკომიტეტო განხილვების დროს იქნა გათვალისწინებული კანონპროექტში.
როგორც ირკვევა, კონსულტაციები კერძო სექტორთან არ შემდგარა და ის, რომ 2 წლის შემდეგ კანონპროექტი, პირვანდელი ვერსიით პარლამენტს დაუბრუნდა, კერძო სექტორმა პარლამენტის ვებ-გვერდიდან შეიტყო.
ამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებების დარგობრივმა გაერთიანებამ საკუთარი ინიციატივით მოითხოვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან შეხევდრა. ასოციაციისთვის განსაკუთრებით მიუღებელი კანონპროექტის ის მუხლია, რომელიც სამინისტროს უფლებას აძლევს ერთპიროვნულად, სასამართლოს გარეშე მიიღოს კლინიკის შემოწმების, დასანქცირების თუ გაჩერების გადაწყვეტილება.
„არსებობს სამეწარმეო კანონი, რომლითაც სხვადასხვა სფერო რეგულირდება. რა თქმა უნდა, როცა რეგულირებადი დარგია, მარეგულირებელი შედის, ამოწმებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს სასამართლოს გავლით იღებს, რაც არის ბერკეტი იმისთვის, რომ ორ მხარეს შორის არსებობდეს მესამე მხარე, მესამე რგოლი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რამდენად ობიექტურია ეს ყველაფერი და თავის დაცვის საშუალება მისცეს მეორე მხარეს. ეს ცვლილება ამბობს, რომ ერთპიროვნულად, ჯანდაცვის ორგანოს შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენად ხარ დამნაშავე, არღვევ ან არ არღვევ კანონს და ერთ დღეში გადაწყვიტოს რამდენით დაგაჯარიმოს, შეგაჩეროს თუ ა.შ.
არანაირი ბერკეტი არ გრჩება. ერთადერთი, როცა აღსრულდება, მერე შეგიძლია იდაო სასამართლოში,“-აცხადებს bm.ge-სთან მაია მახარაშვილი, ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ჯანდაცვის სამინისტროს განზრახვა, სასამართლოს გარეშე შევიდეს და შეამოწმოს დაწესებულებები მიუღებელია ფარმაცევტული სექტორისთვისაც. დარგობრივი ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის გაურკვეველია, რას ემსახურება რიგ კანონპროექტებში ცვლილებები, როცა მოქმედი კანონით ისედაც აქვს შესაძლებლობა მარეგულირებელს სხვადასხვა საფუძვლით შეამოწმოს ფარმაცევტული კომპანიები.
„ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოს უფლება ექნება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების, რისკების შეფასების გარეშე, ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის მიმართებაში შეამოწმოს მეწარმის საქმიანობა: შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი და სხვა.
დაგეგმილი ცვლილებები განხილული არ ყოფილა ფარმაცევტული ბაზრის სუბიექტებთან, პროფესიული ნიშნით შექმნილ ასოციაციებთან და ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ სექტორი პარლამენტის ვებ გვერდიდან იგებს.
ნებისმიერმა ახალმა რეგულაციამ ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის განვითარებას და რაც მთავარია დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლება სასამართლო ორგანოს მიერ. არ უნდა იქნას შექმნილი სასათბურე პირობები კორუფციული გარიგებებისთვის და ყველა მარეგულირებლის ქმედება უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და დადასტურებული სასამართლოს მიერ.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამწუხაროდ თუ ეს ასე მოხდება, მივიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც ფაქტობრივად მოხდება სასამართლო სისტემის უგულებელყოფა, მეწარმე დარჩება მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს პირისპირ და დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობაზე", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიების როგორც შეუზღუდავად შემოწმების, ისე სანქციების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნაც შეეძლება.
ცვლილებების განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ახლაც, როგორც 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრო კანონპროექტებში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.