მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რუსეთიდან ფრენებზე განაცხადი უკვე შევიდა

6461dceaeca7a
მარიამ ვარადაშვილი
15.05.23 11:17
667
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების ნებართვაზე უკვე მიმართა.

გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო არ აკონკრეტებს რომელმა ავიაკომპანიებმა მიმართეს და რა სიხშირით მოითხოვეს ფრენა. BMG ეკონომიკის სამინისტროსგან ამ ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

“საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებული. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.

ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს იმ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული",-წერია სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები