მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-მ რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა

6221cd45060e7
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.22 12:27
1006
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P-იმ რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა. ორგანიზაციამ  ქვეყნის სუვერენული რეიტინგი ერთ კვირაში მთელი შვიდი საფეხურით - "BB მინუსიდან" "CCC მინუსამდე" შეამცირა, რაც რუსეთში მოსალოდნელ დეფოლტს ნიშნავს. 

აქამდე ასეთი მკვეთრი ვარდნა არცერთი ქვეყნის ეკონომიკას არ განუცდია. 

Reuters-ის თანახმად, მარტის განმავლობაში რუსეთის მთავრობას $700 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები (სახელმწიფო ვალი) აქვს დასაფარი, თუმცა ფაქტი, რომ ქვეყანას საკუთარი რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილზე წვდომა დაკარგული აქვს, ვალის მომსახურებაზე დეფოლტის გამოცხადების ალბათობას ზრდის. 

S&P-ის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის "ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარმა სააგენტომ" განაცხადა, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (OFZ) კუპონს (სარგებელს) გადაუხდიდა ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელ მხოლოდ ადგილობრივ მფლობელებს. სააგენტოს განცხადებით, ობლიგაციების უცხოელი მესაკუთრეებისთვის კუპონის გადახდა მას ცენტრალური ბანკის მხრიდან ჰქონდა აკრძალული.  შესაბამისად, რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს სრულფასოვნად უკვე ვეღარ ემსახურება. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ უმძიმესი ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. უმსხვილესი რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემას გამოეთიშნენ, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინეს, პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს მიწოდება აკრძალა. 

სანქციებს რუსეთის ეროვნული ვალუტის ისტორიული გაუფასურება მოჰყვა. ამჟამად ერთი დოლარი 109 რუბლი ღირს.

რუსეთის სახელმწიფო საგარეო ვალი 2022 წლის თებერვლის მდომარეობით, 59.5 მილიარდი დოლარია, აქედან უშუალოდ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხი 18.7 მილიარდი დოლარია.