მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთო მოპოვება, ქიმიური წარმოება - ვის და რა ინტენსივობით შეამოწმებს შრომის ინსპექცია?

5e3d1edd018d4
ინგა მურუსიძე
07.02.20 12:43
1892
შრომის ინპექცია კონკრეტულ დარგებს მაღალი ინტენსივობით შეამოწმებს. Bm.ge დაინტერესდა, რის მიხედვით დაიყო დარგები და რომელი სექტორი რა ინტენსივობით შემოწმდება.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ამბობს, რომ 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდა. ეკონომიკური საქმიანობის დარგებზე კონტროლის მიზნით, საფრთხის შეფასებიდან და დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემუშავდა სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს სექტორების მიმოხილვას, იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს კატეგორიზაციას, თუ რომელი ობიექტები და რა ინტენსივობით უნდა შემოწმდეს.

"მონაცემების შეგროვება ხდება 5 წლის განმავლობაში და 5 წელიწადში ერთხელ ეს დადგენილება გადაიხედება. შესაძლოა, მონაცემები შეიცვალოს. მაგალითად, ახლა შეიძლება სფერო იყოს მაღალი რისკის შემცველი, ხოლო 5 წლის შემდეგ გადაიხედოს, პრობლემები აღმოიფხვრას და გადავიდეს სხვა კატეგორიაში. ამ ყველაფრის საფუძველზე ხდება კონკრეტული დარგებისთვის პრიორიტეტების მინიჭება, რომელიც ეფუძნება საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათ ანალიზსა და შეფასებას.

სეკ-2016-ის მიხედვით, გამოვყავით ხუთი სექტორი და შემოწმებაც ამის მიხედვით განხორციელდება, ესენია: განსაკუთრებით მაღალი რისკის, ძალიან მაღალი რისკის, მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის მქონე სექტორები. განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სექტორში შედის მაგალითად ქიმიკატების და ნავთობპროდუქტების წარმოება, მაღალი რისკის მქონე სექტორში გვყავს შეყვანილი მაგალითად სამთო მოპოვება და ა.შ. ხოლო, დაბალი რისკის მქონე სექტორში ადმინისტრაციული შენობები და ზოგადად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, ახლა შრომის ინსპექცია დაიწყებს ძალიან მაღალი რისკის მქონე სექტორის შემოწმებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაბალი რისკის მქონე სექტორი არ შემოწმდება.

„სახელმწიფო უწყებები შედის დაბალი რისკის მქონე სექტორში, ვინაიდან სახელმწიფო უწყებებში გაცილებით ნაკლები ინცინდენტი ფიქსირდება. არც ერთ ქვეყანაში, ადმინისტრაციული შენობები და საოფისე საქმიანობები არ შედის საშუალო ან მაღალი რისკის შემცველ სექტორებში. ბუნებრივია, ჩვენ ვეყრდნობით ევროკავშირის გამოცდილებას და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში დაგროვილ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გეტყვით, ყველა სექტორს ვამოწმებთ, თუმცა მაგალითისთვის შეიძლება ძალიან მაღალი რისკის მქონე სექტორი შემოწმდეს წელიწადში ერთხელ, საშუალო რისკის შემცველი ორ წელიწადში ერთხელ და ა.შ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მუდმივ რეჟიმში არ ვამოწმოთ, საჭიროების მიხედვით“, - განაცხადა ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.