მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო ძალის დეფიციტის მიზეზები და გამოსავლის ორი გზა - ლექსო ალექსიშვილის ანალიზი

63d5064da473a
თელარა გელანტია
28.01.23 15:45
947
PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა #BMGDRIVE-ში საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა.

ლექსო ალექსიშვილის შეფასებით, ზოგადად, კვალიფიციური მუშახელის პრობლემა ქვეყანაში სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ეკონომიკური და მმართველობითი სისტემა სრულად ჩამოიშალა და შეიქმნა კოლაფსი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა.

„მაშინდელმა ნგრევამ მოიტანა ის, რომ ბევრი მიმართულებით, მაგალითად, მძიმე მრეწველობაში, ინჟინერიასა თუ მანქანათმშენებლობაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაქრა; კოლაფსი დიდი ხანი გაგრძელდა. ამასთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობ სამუშაო ძალაზე, ვგულისხმობთ არა - დიპლომიან სამუშაო ძალას, არამედ რეალური ცოდნის მქონე, კვალიფიციურ კადრებს, რომელთაც 90-იანების კოლაფსის დროს ორი პერსპექტივა დარჩათ: პირველი - დაეტოვებინათ ქვეყანა და თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური სხვა ქვეყანაში მოეძებნათ ან მეორე - შეეცვალათ კვალიფიკაცია და დარჩენილიყვნენ სამშობლოში; ასე გახდნენ ფიზიკოსები - ბანკირები, ინჟინრები - იურისტები თუ კონსტიტუციონალისტები და ა.შ. ანუ მათ დაიწყეს იმ მოთხოვნებზე მორგება, რაც ბაზარზე გაჩნდა. შესაბამისად, საგანმანათლებლო სისტემამაც დაიწყო გადაწყობა - ასე გაჩნდა ბევრი იურისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი... შედეგად, მიწოდება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე - საჭიროება“, - ყვება ლექსო ალექსიშვილი.

PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელს სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრა ორი გზით წარმოუდგენია.

„პირველი - ისევ და ისევ განათლების სისტემამ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას. უმაღლეს სასწავლებლებში ხელოვნურად უნდა გავზარდოთ მოთხოვნა ისეთ სპეციალობებზე, რომელიც გვჭირდება, მაგრამ დღეს ნაკლებად მიმზიდველია ახალგაზრდებში. როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს?! - მაგალითად, სახელმწიფო როდესაც აფინანსებს უმაღლეს განათლებას, დავაფინანსოთ ის სპეციალობები, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად კრიტიკულია ბაზრისთვის და გვჭირდება და არა ისინი, რომლებზეც ისედაც არის მოთხოვნა.

ბაზრისთვის სამუშაო ძალის მიწოდების მეორე გზაა სახელმწიფოს პოლიტიკა, გააღოს კარები უცხოელებისთვის და თქვას, რომ მე მჭირდება სხვადასხვა მიმართულებით სპეციალისტები და ასეთი ადამიანებისთვის სამუშაო ნებართვას მარტივად გავცემ - ამ გზით შეიქმნება მიწოდების ახალი წყაროები“, - განმარტა ლექსო ალექსიშვილმა და იქვე დასძინა, რომ შესაძლოა, ამ პოლიტიკას საქართველოს მოქალაქეებში გარკვეული შფოთვა მოჰყვეს, მაგრამ რეალურად, ისედაც უცხოელები არიან დასაქმებულები ისეთ პროექტებში, რომლებიც მაღალკვალიფიცურ, ტექნიკურ ცოდნას საჭიროებენ.

#BMGDRIVE-თან ინტერვიუში PMCG კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში კადრების გადინების ერთ-ერთ მიზეზზე, რომელიც, ძირითადად, დასაქმებულების მხრიდან ჟღერდება. კერძოდ, „ღირსეული სამუშაო პირობების და ხელფასის შემთხვევაში ადამიანები არ წავლენ ქვეყნიდან“.

ლექსო ალექსიშვილის თქმით, ფრაზა - „ღირსეული სამუშაო პირობები“, არაფრისმთქმელია და „ძალიან სუბიექტური მოვლენაა“.

„სუბიექტივიზმი კი, შეფასებების დროს ხელისშემშლელია. მე სადაც მიღირს ვიმუშაო, იქ ვმუშაობ, მაგრამ შეიძლება თქვენთვის ის პირობები, რომელსაც მე დავთანხმდი, მიუღებელი და არაღირსეული იყოს. ეს თქვენი არჩევანია“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები