„ვფიქრობ, რომ ვართ ძალიან სახიფათო ნიშნულთან და შესაძლოა, შეუქცევადად, ძალიან ცუდ ვითარებაში შევიდეთ, - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს PMCG -ის დამფუძნებელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დირექტორი ლექსო ალექსიშვილი.
პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აპოკალიფსური სურათი არ იხატება და ასეთ სცენარს არ ელის, თუმცა ამ ,პოლიტიკურ პროცესს შესაძლოა მოჰყვეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრობლემები რომელმაც შესაძლოა ეკონომიკაზე გაცილებით ხანგრძლივვადიანი პრობლემების პროვოცირება მოახდინოს.
ლექსო ალექსიშვილი აქცენტს ინვესტორთა განწყობის შესაძლო ცვლილებაზე აკეთებს. ასეთ სცენარში ინვესტიციები შემცირდება, რასაც საბოლოოდ გავლენა ექნება ეკონომიკის ზრდაზე და მოსახლეობის შემოსავლებზე.
„ვინ დებს საქართველოში ინვესტიციებს? ეს არის ის ხალხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში არის განსხვავებული გარემო ვიდრე, მაგალითად, შუა აზიაში, რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებულ ანკლავებში. მას მიაჩნია, რომ გაცილებით უფრო ეფექტიანია საქართველოში ბიზნესგარემო და ამ ბიზნესგარემოში ფულის ჩადებას აზრი აქვს. მაგრამ, თუკი გაგრძელდა სიგნალები, რომ ჩვენ ვშორდებით ნორმალურ ბაზრებს, მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე უფრო მდიდარ ბაზარს - ევროპას და თუ აღმოჩნდება, რომ ხვალ და ზეგ გაცილებით რთული იქნება ევროპულ ბაზარზე წვდომა, ბუნებრივია, მათთვის აღარ იქნება საქართველო ინვესტიციებისთვის საინტერესო ადგილი. უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოში ინვესტიციებს არ დებენ საქართველოსთვის. საქართველო პატარა ქვეყანაა, დაბალი შემოსავლებით. ამიტომ საქართველოში ვინც დებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ის ფულს დებს ქვეყანაში, რომელსაც ვექტორი უნდა ჰქონდეს ევროპაზე, როგორც მდიდარ გაერთიანებაზე, ვექტორი უნდა ჰქონდეს დანარჩენ ბაზრებზე თურქეთზე, არაბეთის ქვეყნებზე, ჩინეთზე და ა.შ. თუ ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი, სადაც დიდ ბაზრებს ჩამოშორებულიყო ვართ, სადაც ელემენტარული წესრიგი და სამართლიანობა არ არსებობს, ბუნებრივია ეს არ იქნება ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ეს კი იმოქმედებს ყველაფერ დანარჩენზე: ეკონომიკის ზრდაზე, ადამიანების შემოსავლებზე და ყველაფერ მატერიალურზე. ვფიქრობ, რომ ვართ ძალიან სახიფათო ნიშნულთან და შეიძლება შეუქცევად ძალიან ცუდ ვითარებაში შევიდეთ. ეს დაანგრევს ამ ქვეყანას. ამ პატარა ქვეყანას ძალიან ცოტა რამ ჰყოფნის იმისათვის, რომ ვითარება გაუარესდეს“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.
ყოფილი ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ხალხი ქუჩაში ეგზისტენციალურმა საფრთხემ გამოიყვანა და ეს ქვეყნის მომავალს ეხება - თუ როგორ ქვეყანაში გააგრძელებენ მოქალაქეები ცხოვრებას.
ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების გაუარესების ფონზე არ ჩანს არანაირი სიგნალი ხელისუფლებისგან (რომელსაც ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საფრთხეები განეიტრალებაზე), რომ სრულად აქვთ გააზრებული ის პრობლემატიკა, რომლის წინაშე დგას საზოგადოება.