მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვუახლოვდებით  კატასტროფულ ზღვარს - ლექსო ალექსიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

ლექსო ალექსიშვილი

"ვუახლოვდებით კატასტროფულ ზღვარს" - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს PMCG -ის დამფუძნებელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დირექტორი ლექსო ალექსიშვილი.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ხალხი ქუჩაში ეგზისტენციალურმა საფრთხემ გამოიყვანა და ეს ქვეყნის მომავალს ეხება - თუ როგორ ქვეყანაში გააგრძელებენ მოქალაქეები ცხოვრებას.

ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების გაუარესების ფონზე არ ჩანს არანაირი სიგნალი ხელისუფლებისგან (რომელსაც ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საფრთხეები განეიტრალებაზე), რომ სრულად აქვთ გააზრებული ის პრობლემატიკა, რომლის წინაშე დგას საზოგადოება.

„რეალურად მდგომარეობა გაცილებით ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ პარტიული ოპონირება, რიტორიკა, ან პარტიული ბრძოლა. ეს ხალხი არ გამოსულა ქუჩაში იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამ ხალხმა იგრძნო გაცილებით ეგზისტენციალური საფრთხე. ყველანაირი შეთქმულების თეორიები რომ დავივიწყოთ, საუბარი არ არის რომ გავხდებით რუსეთი, მაგრამ არც ყირგიზეთად გახდომა არ გვინდა. ამ ადამიანებსაც ეს განცდა აქვთ - როგორია მომავლის პერსპექტივა მათთვის, ვინც ბიზნესს აკეთებს ამ ქვეყანაში, ან ქვეყნის მოქალაქის, რომელიც აქ ზრდის შვილებს. რა ტიპის ქვეყანაში აპირებენ ისინი ცხოვრობენ - ეს არის ხვალისთვის პოტენციური ჩეხეთი, ანუ ევროკავშირის მშვიდი, დალაგებული, სამართლებრივი სივრცის ნაწილი, თუ შუა აზიური, ან ახლო აღმოსავლური რომელიმე ქვეყანა, სადაც სხვა მოცემულობაში მოუწევს საქმიანობა და ასევე მას შეიძლება ნებისმიერი ბანდის შეიარაღებული ადამიანი დაესხას თავს“, - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

PMCG -ის დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ და მის მიერ დანიშნული პრემიერის მიმართ ნდობის სერიოზულ დეფიციტზე საუბრობს და იხსენებს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას, როდესაც კანონპროექტის გაწვევის შემდეგ „ოცნება“ კატეგორიულად გამორიცხავდა დღის წესრიგში მის დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ გადათქვა და კანონი დაამტკიცა.

„საზოგადოებაში პრემიერის მიმართ დამოკიდებულებაა - „ჩვენ არ გვჯერა, შენი“. როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ წაკითხულის შინაარსი არ გესმით, მაშინ როცა ეს შინაარსი ვერ გაიგო ვერც სტუდენტმა, ვერც ლექტორმა, ვერც მსახიობმა, ვერც ინჟინერმა, ვერც ექიმმა და ვხედავთ, რომ ხან რომელი სტუდენტია ნაცემი, ხან რომელი მსახიობი დაჭერილი, ხან რომელი ინჟინერი თუ ექიმი ციხეში. ეს თავისთავად წარმოშობს უამრავ ფუნდამენტურ პრობლემატიკას. რეალურად მის მიმართ ნდობა ფაქტობრივად არ არსებობს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში,სადაც შესაძლებელია, რომ საკითხები გადაწყდეს პოლიტიკური გზებით, ერთადერთი გამოსავალია არჩევნები. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. თუნდაც იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმყაროს ნდობა, მისთვისაც ერთადერთი გზა რჩება არჩევნები. რომლის საფუძველზე (გამარჯვების შემთხვევაში) მათ შეეძლებათ თქმა, რომ მიუხედავად ყველაფრისა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. კვანძის გახსნის შესაძლებლობა არის არჩევნების შედეგად მიღებული რაღაც რეალობა. სხვაგვარად წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ კვანძის არსებობით, თუნდაც ახალი პრეზიდენტის არჩევით, როგორ უნდა გაგრძელდეს საქმიანობა ქვეყანაში, როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა ბიუროკრატიამ, რომელსაც ნდობა მისივე ხელმძღვანელობის მიმართ არ გააჩნია“, - აღნიშნა ალექსიშვილმა.

ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ნაბიჯები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და „ქართული ოცნების“ რეალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგან. პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ახალ არჩევნებზე, ისეთი ფორმატით, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

„ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო ზღვარზე. ჯერ კიდევ არის დრო გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. რაც უფრო დრო გავა მით უფრო გართულდება“, - ამბობს ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები