მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო სამსახურის გავლა შერჩევითი პრინციპით სტუდენტებისთვისაც სავალდებულო ხდება

6405904dd5a93
ინგა მურუსიძე
06.03.23 11:07
1604
სტუდენტობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ავტომატურად თავიდან არიდების საფუძველი აღარ იქნება. ცვლილება გაწერილია თავდაცვის ახალ კოდექსში, რომლის განხილვაც დღეს, პარლმენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში იწყება.

„სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას. სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში - რიგითის სამხედრო წოდება“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, აღნიშნული სისტემის ამოქმედება საშუალებას მისცემს:

- მოკლე დროში მეტი ადამიანი გადამზადდეს სამხედრო პროფესიებში;
- საზოგადოებაში გაიზარდოს დადებითი დამოკიდებულება წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურისადმი, ვინაიდან - პირი დიდი ხნით აღარ მოსწყდება ოჯახს და თავის ძირითად საქმიანობას;
- ჯარში ყოფნის პერიოდი რეალურად იქნება მორგებული სამსახურის იდეას, რომელიც
აუცილებელია სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;
- შემცირდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების
მსურველთა რაოდენობა.

გარდა ამისა, სტუდენტებს, საშუალება ეძლევათ გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა.

„კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა, ასევე პირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ნებაყოფლობით, შესაძლოა გაიაროს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. ამასთან, პირს მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, თუ პროგრამის წარმატებით დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დასრულების დღისთვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი - მიენიჭება უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის წოდება“, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები