მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში EU-ს, აშშ-ის და UK-ის წარმომადგენლები ჩამოდიან - ვინ არიან ისინი?

64995ea427e98
გიორგი არონია
26.06.23 13:59
619

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. “შავ სიაში” არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა. თუმცა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ფოკუსი დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდას, ანუ სანქციების არარიდების მექანიზმის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც, ამიერიდან, მესამე ქვეყნებზეც გავრცელდება.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ სანქციების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი გაერთიანებისთვის მნიშვნელოვან მესამე სახელმწიფოებში ვიზიტებს იწყებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც, სადაც ო'სალივანი 26 ივნისს ჩამოვა. საქართველოში ევროკავშირის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. ვიზიტის ფარგლებში, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის მეთაურს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალურ პროკურორსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

დევიდ ო'სალივანის ამ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ზემოხსენებული პირი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების მაღალი რანგის წარმომადგენელია, გადავწყვიტეთ მათ შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვეთ.

დევიდ ო’სალივანი

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ირლანდიელი დევიდ ო'სალივანი ევროპულ საჯარო სისტემაში ოთხი დეკადის განმავლობაში მუშაობის გამოცდილების მქონე თანამდებობის პირია, რომლის კარიერა ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მოგვიანებით, ო’სალივანი ევროკავშირის უწყებებში გადაბარგდა და 2014 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროკავშირის ელჩადაც დაინიშნა. ელჩის თანამდებობაზე მან 2019 წლის თებერვლამდე იმუშავა, საიდანაც იურიდიული ფირმის, Steptoe and Johnson-ის ბრიუსელის ოფისში გადავიდა და უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. მომდევნო წლებში, ის წამყვანი ირლანდიური ანალიტიკური ცენტრის, “საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის” დირექტორად მუშაობდა, 2022 წლიდან კი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი გახდა. პირველადი განათლებით, დევიდ ო’სალივანი ეკონომისტი და სოციოლოგია.

ჯიმ ო’ბრაიენი

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენიც ესტუმრება. მისი ევროპელი კოლეგის მსგავსად, ჯიმ ო’ბრაიენიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1989 წლიდან მუშაობს. წლების განმავლობაში, ჯიმ ო’ბრაიენი ქვეყნის ინტერესებს ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იცავდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, ჯიმ ო’ბრაიენი მძევლების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, მერე კი გლობალური საკონსულტაციო კომპანია, Albright Stonebridge Group-ი დააფუძნა. 2022 წლის აპრილიდან, ჯიმ ო’ბრაიენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისს ხელმძღვანელობს, მაგრამ ამასთან, დღემდე რჩება ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის ასისტენტის წარდგენილ კანდიდატად. პირველადი განათლებით, ჯიმ ო’ბრაიენი იურისტია.

კუმარ აიერი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი ბრიტანულ საჯარო სისტემაში, კერძო სექტორში და აკადემიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის COVID-19-თან გასამკლავებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში, კუმარ აიერი Boston Consulting Group-სა და Oliver Wyman-ში აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობდა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა. პირველადი განათლებით, კუმარ აიერი ეკონომისტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები