მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის საავადმყოფოები ზარალზე არიან

5de79be8aa39c
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.19 15:45
1906
"საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკები ზარალზე არიან, ამის შესახებ ფონდის შვილობილი კომპანიის - "კლინიკების განვითარების კომპანიის" კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

2018 წლის განმავლობაში "კლინიკების განვითარების კომპანიის" შემოსავალი - 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი, 3,194,000 ლარი იყო. 268,000 ლარის ზარალით დაასრულა კომპანიამ საქმიანობა 2017 წელსაც. ჯამში, აღნიშნული კლინიკების აქტივების ღირებულება 181,349,000 ლარს შეადგენს. 

რომელი სამედიცინო დაწესებულებები ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს?

2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა გადასცა, ესენია -"რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი." ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ამ კლინიკებში ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა ეს პროექტი შეჩერდა და "საპარტნიორო ფონდის" მფლობელობაში დარჩა საავადმყოფოები, რომელთაც თავად ფონდი - "სრულიად ამორტიზებულსა და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფს" უწოდებს. 

5 ოქტომბერს "საპარტნიორო ფონდმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, არსებობს ამერიკული კომპანია (სახელი განცხადებაში არაა მითითებული), რომელიც "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ინვესტირებით არის დაინტერესებული. 

"2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადმოსცა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. 

სხვადასხვა გარემოების გამო, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე, გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია. 

„საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი. 

პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი, თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს. 

პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საპარტნიორო ფონდმა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გაავრცელა.